სტრასბურგის სასამართლო - რუსეთის ფედერაცია პასუხს აგებს 2008 წლის აგვისტოში ქართველი მშვიდობიანი მოქალაქეების თვითნებური დაკავებების შედეგად დამდგარ დარღვევაზე
სტრასბურგის სასამართლომ დაასკვნა, რომ 2008 წლის აგვისტოში ქართველი მშვიდობიანი მოქალაქეების თვითნებურ დაკავებასთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაცია აგებს პასუხს დამდგარ დარღვევაზე, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ პრესრელიზშია ნათქვამი.
„სამოქალაქო პატიმრების მოპყრობა და მათი დაკავების კანონიერება – მუხლები 3 და 5
სასამართლომ აღნიშნა, რომ სადავო არ არის, რომ 160 ქართველი სამოქალაქო პირი, რომელთა უმეტესობა საკმაოდ ასაკოვანი იყო და მესამედი ქალი იყო, სამხრეთ ოსეთის ძალებმა დააკავეს „სამხრეთ ოსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს“ სარდაფში, ცხინვალში, 2008 წლის 10-დან 27 აგვისტომდე. მას შემდეგ, რაც ქართველი სამოქალაქო პირები ძირითადად საომარი მოქმედებების შეწყვეტის შემდეგ დააკავეს, სასამართლომ დაასკვნა, რომ ისინი რუსეთის ფედერაციის იურისდიქციაში შედიოდნენ.
ქართველი სამოქალაქო პირების ჩვენებები მათი დაკავების პირობებთან დაკავშირებით შესაბამისობაში იყო სასამართლოსთვის სხვადასხვა წყაროს მიერ მოცემულ ინფორმაციასთან.
„დაკავების ცენტრის“ ხელმძღვანელმა მოწმეების მოსმენაზე აღიარა, რომ „სამხრეთ ოსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს“ სარდაფი არ იყო შექმნილი ამდენი დაკავებული ადამიანის საცხოვრებლად. მამაკაცები და ქალები გარკვეული დროით იყვნენ დაკავებულები, არ იყო საკმარისი საწოლები და არ იყო დაცული ჯანმრთელობისა და ჰიგიენის ძირითადი მოთხოვნები. მიუხედავად იმისა, რომ რუსული ძალების უშუალო მონაწილეობა აშკარად არ იყო ნაჩვენები, ის ფაქტი, რომ ქართველი მშვიდობიანი მოსახლეობა რუსეთის ფედერაციის იურისდიქციაში შედიოდა, ნიშნავს რომ სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების მოქმედებებზე პასუხისმგებლობაც ეკისრებოდა ამ უკანასკნელს. მიუხედავად იმისა, რომ ისინი შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ, რუსული ძალები არ ჩარეულან, რომ პრევენცია მოეხდინათ იმგვარ მოპყრობაზე, რაზეც საჩივარშია საუბარი.
სასამართლომ დაასკვნა, რომ მე-3 მუხლის საწინააღმდეგო იყო ადმინისტრაციული პრაქტიკა, რაც შეეხებოდა 160 ქართველი სამოქალაქო პირის დაკავების პირობებსა და იმ დამამცირებელ მოქმედებებს, რომლებსაც ისინი ექვემდებარებოდნენ, რამაც მათ უდავო ტანჯვა მოუტანა და რაც შეიძლება განხილულ იქნას, როგორც არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობად.
სასამართლოს პრეცედენტული სამართლის შესაბამისად, შიდა სამართლებრივი დაცვის საშუალებების ამოწურვის წესი არ ვრცელდებოდა, როდესაც დადგენილი იყო ადმინისტრაციული პრაქტიკის არსებობა.
ამრიგად, ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევას და ამ დარღვევაზე პასუხისმგებელი იყო რუსეთის ფედერაცია. მოპასუხე მთავრობის თანახმად, ქართველი მშვიდობიანი მოსახლეობა დააკავეს მათივე უსაფრთხოებისთვის სამხრეთ ოსეთის მხრიდან პოტენციური თავდასხმების გამო, რომლებიც ცდილობდნენ შური ეძიათ ქართველებზე ცხინვალზე შეტევის გამო. ეს დასაბუთება, რომელიც, ფაქტობრივად, სადავო იყო, არ იქნა მიღებული დაკავების საფუძვლად. გარდა ამისა, დაკავებულები არ იყვენენ ინფორმირებული მათი დაკავებისა და დაპატიმრებასთან დაკავშირებით.
სასამართლომ დაასკვნა, რომ ადგილი ჰქონდა ადმინისტრაციულ პრაქტიკას მე -5 მუხლის საწინააღმდეგოდ, 2008 წლის აგვისტოში ქართველი მშვიდობიანი მოქალაქეების თვითნებურ დაკავებასთან დაკავშირებით, და რომ რუსეთის ფედერაცია აგებს პასუხს დაკავებების შედეგად დამდგარ დარღვევაზე“, – აღნიშნულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ პრესრელიზში.
2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა. საქმე ეხებოდა საქართველოს მთავრობის მიერ ბრალდებებს რუსეთის ფედერაციის მხრიდან კონვენციის სხვადასხვა დარღვევის შესახებ, 2008 წლის აგვისტოში საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის შეიარაღებულ კონფლიქტთან დაკავშირებით. სასამართლომ დაადგინა, რომ უნდა გაიმიჯნოს სამხედრო მოქმედებების აქტიური ფაზა (2008 წლის 8-12 აგვისტო) და სხვა მოვლენები, რომლებიც მოხდა საბრძოლო მოქმედებების აქტიური ფაზის შეწყვეტის შემდეგ, ანუ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების შემდეგ. სასამართლომ გაითვალისწინა მხარეთა მიერ წარმოდგენილი შენიშვნები და მრავალი სხვა დოკუმენტი, აგრეთვე საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშები. გარდა ამისა, სასამართლომ მოისმინა 33 მოწმისგან მტკიცებულებები.