სტრასბურგის სასამართლო რუსეთიდან დეპორტირებული საქართველოს მოქალაქეების საქმეზე გადაწყვეტილებას დღეს გამოაცხადებს
სტრასბურგის სასამართლო რუსეთიდან დეპორტირებული საქართველოს მოქალაქეების საქმეზე გადაწყვეტილებას დღეს გამოაცხადებს

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატა ე.წ. დეპორტირებულების საქმეზე გადაწყვეტილებას დღეს, თბილისის დროით 14:30 საათზე გამოაცხადებს.

იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის უფროსის, ბექა ძამაშვილის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლო გადაწყვეტს რუსეთის მიერ კომპენსაციის გადახდის საკითხს საქართველოს მოქალაქეებისათვის, რომლებიც 2006 წლის შემოდგომაზე რუსეთის ფედერაციიდან მასობრივი დეპორტაციისა და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევების მსხვერპლნი გახდნენ.

„სასამართლო ასევე განსაზღვრავს იმ პირთა ვინაობას, რომლებიც უფლებამოსილი იქნებიან მიიღონ ეს კომპენსაცია და დაადგენს მისი განაწილების პირობებსა და პროცედურებს.

შესაბამისად, გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ უკვე დაიწყება მისი აღსრულების პროცედურები და ამ პროცედურების ფარგლებში, საქართველოს მთავრობა გააკეთებს ყველაფერს, რათა რუსეთმა მაქსიმალურად სწრაფად და სრულყოფილად აღასრულოს ეს ვალდებულება და დროულად ჩარიცხოს დაკისრებული თანხა.

ანუ, უპირველესად, რუსეთის ფედერაციის მხრიდან უნდა მოხდეს ამ კომპენსაციის გადახდა და შემდეგ ეს თანხა განაწილდება დაზარალებულებზე იმ წესითა და პირობებით, რომლებსაც სტრასბურგის სასამართლო დაადგენს“, – განაცხადა ძამაშვილმა.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, სამინისტროს მიერ ჩატარებული მასშტაბური სამუშაოების შედეგად, 2014 წლის 3 ივლისს დავა არსებითად საქართველოს გამარჯვებით დასრულდა და დაიწყო დაზარალებულთა კომპენსაციასთან დაკავშირებული პროცედურები.

„ამ პროცედურის ფარგლებში, 2014-2015 წლებში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოუწია, განეხორციელებინა კომპლექსური ღონისძიებები თითოეული დაზარალებულის ინდივიდუალური მონაცემების შეგროვების მიზნით, რადგანაც აღმოჩნდა, რომ 2012 წლამდე საქართველოს მთავრობას მხოლოდ 118 დაზარალებულის მონაცემები ჰქონდა დამუშავებული და სტრასბურგის სასამართლოში გადაგზავნილი, მიუხედავად იმისა, რომ საჩივრის შეტანის დღიდანვე, მთავრობა რუსეთიდან გამოძევებული ჩვენი 4634 მოქალაქის უფლებების დარღვევის გამო დავობდა“, – აღნიშნულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში.

მათივე ცნობით, სტრასბურგის სასამართლოს მხრიდან მოთხოვნის მიღების შედეგად, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო დაუკავშირდა არაერთ დაზარალებულს, რომელთაგან 345-მა განაცხადა თანხმობა, ყოფილიყო სიაში; 25-მა განაცხადა, რომ არ სურდა სიაში ყოფნა (კვლავ რუსეთში დაბრუნდა და სხვა). მთლიანობაში, იუსტიციის სამინისტროს მიერ გატარებული საკომუნიკაციო და მოძიებითი სამუშაოების შედეგად, სტრასბურგის სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში – 2016 წლის პირველ სექტემბერს გაიგზავნა 1795 ქართველი მსხვერპლის შესახებ დეტალური მონაცემები მათი გამოძევების დამადასტურებელ დოკუმენტაციასთან ერთად.

ამის შემდეგ საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ სტრასბურგის სასამართლოს არაერთხელ შეატყობინა, რომ გაგზავნილი სია იყო საილუსტრაციო, რომელიც რუსული მხარის პოზიციის საპირისპიროდ ადასტურებდა შემდეგს: 2006 წლის შემოდგომაზე ნამდვილად მოხდა საქართველოს 4600-ზე მეტი მოქალაქის რუსეთიდან გამოძევება.

„1795 მსხვერპლის მონაცემების შეგროვება იუსტიციის სამინისტროსთვის ძალიან დიდ სირთულეებთან იყო დაკავშირებული, რადგან გამოძევებიდან 10 წლის შემდეგ, როდესაც არ არსებობს თავის დროზე აღრიცხული მონაცემები და სათანადო ინფორმაცია დაზარალებულების შესახებ, საჭირო გახდა ამ სიის თითქმის ნულიდან შედგენა. ეს პროცედურა მოიცავდა ათეულობით ათასი გვერდი საარქივო თუ სხვა მასალის დამუშავებას საქართველოში, ასევე მის საზღვრებს გარეთ, სხვადასხვა ქვეყანაში დაზარალებულთა იდენტიფიცირებას ამა თუ იმ წყაროდან, მათი საკონტაქტო ინფორმაციის მოძიებას, მათთან უშუალოდ დაკავშირებას, მათი მსხვერპლად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტაციის შეგროვებას, დახარისხებასა და ინგლისურ ენაზე თარგმნას. რა თქმა უნდა, გაცილებით მარტივი და აუცილებელიც იყო 2007 წელს, სასამართლოში საჩივრის შეტანის დროს ამ სიის შედგენა, მაგრამ ეს არ გაკეთებულა, და როგორც აღინიშნა, მაშინ მხოლოდ 118 დაზარალებულის შესახებ მონაცემი გაიგზავნა სტრასბურგის სასამართლოში“, – აცხადებენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროში.