სტრასბურგის სასამართლო - ქართველი სამხედრო ტყვეების მიმართ არასათანადო მოპყრობა უნდა ჩაითვალოს წამებად
სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ ქართველი სამხედრო ტყვეების მიმართ განხორციელებული არასათანადო მოპყრობა უნდა ჩაითვალოს წამებად, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ პრესრელიზშია ნათქვამი.
„დამოკიდებულება სამხედრო ტყვეების მიმართ – მე-3 მუხლი
სასამართლომ დაადგინა, რომ სამხრეთ ოსეთის ძალების მიერ სამხედრო ტყვეების მიმართ არასათანადო მოპყრობისა და წამების საქმეები აღნიშნულია მისთვის ხელმისაწვდომ სხვადასხვა წყაროებში. სტრასბურგში მოწმეების მოსმენაზე ორმა მოწმემ დეტალურად აღწერა ის მოპყრობა, რომელიც მათ მიმართ განახორციელეს სამხრეთ ოსეთის და ასევე რუსულმა ძალებმა.
სასამართლომ ჩათვალა, რომ მას ჰქონდა საკმარისი მტკიცებულებები იმისთვის, რომ მას შეეძლო გამოეტანა დასკვნა, რომ ქართველი სამხედრო ტყვეები იყვნენ სამხრეთ ოსეთის ძალების მიერ იმგვარი მოპყრობის მსხვერპლები, რომლებიც ეწინააღმდეგება კონვენციის მე-3 მუხლს.
მიუხედავად იმისა, რომ რუსული ძალების უშუალო მონაწილეობა არ იყო ნათლად გამოვლენილი ყველა შემთხვევაში, ის ფაქტი, რომ სამხედრო ტყვეები რუსეთის ფედერაციის იურისდიქციაში მოხვდნენ, ნიშნავს რომ სამხრეთ ოსეთის ძალების მოქმედებებზე ისინი პასუხისმგებელნი იყვნენ.
მიუხედავად იმისა, რომ ისინი შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ, რუსული ძალები არ ჩარეულან, რომ მსგავსი მოპყრობის პრევენცია მოეხდინათ, რაზეც საჩივარშია აღნიშნული.
სასამართლომ დაადგინა, რომ ქართველი სამხედრო ტყვეების მიმართ განხორციელებული არასათანადო მოპყრობა უნდა ჩაითვალოს წამების ქმედებებად, კონვენციის მე -3 მუხლის შესაბამისად. ასეთი ქმედებები განსაკუთრებით სერიოზული იყო იმის გათვალისწინებით, რომ ისინი ჩადენილი იყვნენ სამხედრო ტყვეების მიმართ, რომლებიც საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შესაბამისად განსაკუთრებული დაცული სტატუსით სარგებლობდნენ.
სასამართლომ დაასკვნა, რომ არსებობდა ადმინისტრაციული პრაქტიკა კონვენციის მე -3 მუხლის საწინააღმდეგოდ, წამების აქტებთან დაკავშირებით, რომელთა მსხვერპლიც იყვნენ ქართველი სამხედრო ტყვეები. შესაბამისად ადგილი ჰქონდა მე-3 მუხლის დარღვევას და ამ დარღვევაზე პასუხისმგებელი იყო რუსეთის ფედერაცია“,- ღნიშნულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ პრესრელიზში.
2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა. საქმე ეხებოდა საქართველოს მთავრობის მიერ ბრალდებებს რუსეთის ფედერაციის მხრიდან კონვენციის სხვადასხვა დარღვევის შესახებ, 2008 წლის აგვისტოში საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის შეიარაღებულ კონფლიქტთან დაკავშირებით. სასამართლომ დაადგინა, რომ უნდა გაიმიჯნოს სამხედრო მოქმედებების აქტიური ფაზა (2008 წლის 8-12 აგვისტო) და სხვა მოვლენები, რომლებიც მოხდა საბრძოლო მოქმედებების აქტიური ფაზის შეწყვეტის შემდეგ, ანუ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების შემდეგ. სასამართლომ გაითვალისწინა მხარეთა მიერ წარმოდგენილი შენიშვნები და მრავალი სხვა დოკუმენტი, აგრეთვე საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშები. გარდა ამისა, სასამართლომ მოისმინა 33 მოწმისგან მტკიცებულებები.