სტრასბურგის სასამართლო - აკაკი ოჩიგავას მიმართ არასათანადო მოპყრობა არ შეიძლება, არ იქნას კვალიფიცირებული როგორც წამება, ეს ჩადენილი იყო პატიმრებისადმი სისტემური ძალადობის პერიოდში
სტრასბურგის სასამართლო - აკაკი ოჩიგავას მიმართ არასათანადო მოპყრობა არ შეიძლება, არ იქნას კვალიფიცირებული როგორც წამება, ეს ჩადენილი იყო პატიმრებისადმი სისტემური ძალადობის პერიოდში

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „ოჩიგავა საქართველოს წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ დარღვეულია ადამიანის უფლებათა კონვენციის მესამე მუხლი – ეფექტიანი გამოძიების არჩატარება, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის აკრძალვა.

გადაწყვეტილების მიხედვით, მოსარჩელე აცხადებდა, რომ სასამართლოს წარედგინა საკმარისად ძლიერი, მკაფიო და თანმიმდევრული მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებდა, რომ მომჩივანზე 2011 წლის ივნისსა და 2012 წლის აგვისტოში გლდანის ციხეში ხორციელდებოდა არასათანადო მოპყრობა. შემდგომში ის ამტკიცებდა, რომ არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით მის ბრალდებებზე ხელისუფლების მიერ ჩატარებული გამოძიება არ იყო ეფექტური, საფუძვლიანი და დამოუკიდებელი.

ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, მომჩივანმა არასათანადო მოპყრობის შესახებ საჩივარი 2012 წლის ოქტომბერში წარადგინა, კომპეტენტურ ადგილობრივ ორგანოებს ხუთ წელზე მეტი დრო დასჭირდათ, რათა დაედგინათ დამნაშავეები და მიეღწიათ მათი გასამართლებისთვის. იყო საგამოძიებო ორგანოების მხრიდან აუხსნელი უმოქმედობის პერიოდები 2012-2016 წლებში, როდესაც მათ არ ჩაატარეს განმცხადებლის მიერ არაერთხელ მოთხოვნილი ძირითადი საგამოძიებო ღონისძიებები. ამასთან დაკავშირებით, სასამართლო იმეორებს, რომ „გადავადებული მართლმსაჯულება ხშირად არის მართლმსაჯულებაზე უარის თქმა, ვინაიდან უმოქმედობის უსაფუძვლო პერიოდების არსებობამ და ხელისუფლების მხრიდან არასაკმარისმა გულმოდგინებამ შეიძლება, გამოძიება არაეფექტიანი გახადოს.

ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ ციხის ზოგიერთ ოფიცერთან მიმართებით დაადგინა მსჯავრდებები და დააწესა პატიმრობა არასათანადო მოპყრობის ზოგიერთ ინციდენტთან დაკავშირებით, რაც მართლაც პოზიტიური მომენტი იყო, მათ აშკარად არ გამოუძიებიათ რიგი სხვა სერიოზული ინციდენტები.

კერძოდ: განმცხადებლის სავარაუდო ცემა 2011 წლის ნოემბრის დასაწყისში, რამაც გამოიწვია მისი ხერხემლის დაზიანება; მისი ცემა საშხაპე ოთახში, რის შედეგადაც მან გონება დაკარგა და გონს მოვიდა ციხის მორგში; და მისი სავარაუდო თვითნებური მოთავსება დამამცირებელ პირობებში დისციპლინურ საკნებში.

სასამართლო ასევე აღნიშნავს, განმცხადებელი თანმიმდევრულად და დამაჯერებლად აცხადებდა ხელისუფლების წინაშე, რომ გლდანის ციხეში მის მიმართ არასათანადო მოპყრობაში მონაწილეობდნენ არა მხოლოდ ციხის შვიდი მსჯავრდებული ოფიცერი, არამედ ციხის სხვა მაღალი რანგის ოფიცრები, თუმცა ამ დამნაშავეების როლი არ იქნა გარკვეული.

ამრიგად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ თვალი დახუჭა განმცხადებლის სარწმუნო ბრალდებაზე მსჯავრდებულებსა და ციხის სხვა მაღალჩინოსნებს შორის შეთქმულების შესახებ. საგამოძიებო ორგანოების მხრიდან ასეთი აუხსნელად შერჩევითი მიდგომა არ შეესაბამება მოპასუხე სახელმწიფოს პროცედურულ ვალდებულებებს კონვენციის მე-3 მუხლის შესაბამისად, რადგან იმისთვის, რომ გამოძიება იყოს ეფექტური, მისი დასკვნები ყოველთვის უნდა ეფუძნებოდეს ყველა შესაბამისი ელემენტის საფუძვლიან, ობიექტურ და მიუკერძოებელ ანალიზს. შესაბამისად, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მესამე მუხლის პროცესუალური ასპექტის დარღვევას“.

სტრასბურგის სასამართლო აღნიშნავს, რომ შიდა სისხლის სამართლის სასამართლოებმა მტკიცებულებების გაცნობისა და საქმის ფაქტების შესწავლის შემდეგ დაადგინეს, რომ ციხის შვიდი ოფიცერი, რომლებიც მოქმედებდნენ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, დამნაშვეები იყვნენ გლდანის ციხეში პატიმართა მიმართ სისტემურ არასათანადო მოპყრობაში, მათ შორის მომჩივნის მიმართ. მათ დაადგინეს ხუთი ცალკეული შემთხვევა, როცა მომჩივნის შემთხვევაში ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობას. სასამართლოებმა ასევე დაადგინეს, რომ ოფიცრების მიერ პატიმრებზე სისტემატური შეურაცხყოფის მიზანი იყო შიშის დანერგვა და ამით მათი სრული დამორჩილების და, შესაბამისად, კონტროლის მოპოვება.

სასამართლოს აზრით, „საქართველოს სისხლის სამართლის სასამართლოების ეს დასკვნები, რომლებიც მთავრობას სადავოდაც კი გაუხდია, ცხადყოფს, რომ განმცხადებლის მიმართ არასათანადო მოპყრობა, რომლის გარკვეული ქმედებები არ შეიძლება, არ იქნას კვალიფიცირებული როგორც წამება, პირდაპირ უკავშირდებოდა მოპასუხე სახელმწიფოს და ჩადენილი იყო ციხის ადმინისტრაციის წარმომადგენლების მიერ გლდანის ციხის პატიმრების სისტემატური და სისტემური ძალადობის პერიოდში.ზემოაღნიშნული მოსაზრებების გათვალისწინებით, ისევე, როგორც იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ განმცხადებელს ზიანის ანაზღაურება არ მიუღია, ადგილი ჰქონდა კონვენციის მესამე მუხლის არსებითი ნაწილის დაღვევას. ზემოაღნიშნული მიზეზების გამო, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ერთხმად დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მესამე მუხლის როგორც არსებითი, ისე პროცესუალური ასპექტების დარღვევას მომჩივანის მიმართ არასათანადო მოპყრობასთან, რომელთა ზოგიერთი ქმედებები უტოლდებოდა წამებას და ეფექტიანი გამოძიების არჩატარებასთან დაკავშირებით“.

სტრასბურგის სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ მას შემდეგ, რაც გადაწყვეტილება საბოლოო გახდება, სამი თვის ვადაში სახელმწიფომ განმცხადებელს უნდა გადაუხადოს 20 ათასი ევრო, ასევე ნებისმიერი გადასახადი, რომელიც შესაძლოა, იყოს გადასახდელი.