„სტოქსი, პოლკოვნიკის დახეული წერილები“ - 1918-1921 წლების საქართველოს ისტორიის უცნობი დეტალები საქართველოს პირველი არხის დოკუმენტურ სერიალში

„სტოქსი… პოლკოვნიკის დახეული წერილები“, – ასე ჰქვია საქართველოს პირველი არხის ახალ დოკუმენტურ სერიალს, რომელიც ყოველ ორშაბათსა და სამშაბათს გავა ეთერში.

სერიალი 16 სერიისგან შედგება და აგებულია მაჩაბლის ქუჩაზე მწერალთა სახლის სხვენში რესტავრაციისას ნაპოვნ ძველ წერილებსა თუ დაშიფრულ გზავნილებზე.

ვინ არის სტოქსი, ამას პირველი არხის მაყურებელი დოკუმენტური სერიალიდან შეიტყობს, რომელიც 1918-1921 წლების საქართველოს ისტორიის ამ დრომდე უცნობ დეტალებზე გვიამბობს.

დოკუმენტური სერიალის პირველი სერიის პრემიერა ცოტა ხნის წინ „კავეა გალერეაში“ გაიმართა.

ფილმის რეჟისორია გიორგი ბარაბაძე, ხოლო სცენარისტი მიხეილ ბასილაძე.

დღეიდან საქართველოს პირველ არხზე ახალი სატელევიზიო სეზონი იწყება. საეთერო ბადეში ჩაეშვება რამდენიმე ახალი გადაცემა.

„მოამბის“ დასრულების შემდეგ, ყოველ სამუშაო დღეს ეთერში გავა პოლიტიკური და საზოგადოებრივ-სოციალური ტოკშოუები. დღის მთავარ თემაზე კი მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში სტუმართან იქნება საუბარი.

ხელახალი კონკურსი ცხადდება მეგაპროექტებში მონაწილეობისთვის. ესენია: „საქართველოს ვარსკვლავი“, „მასტერშეფი“ და „რანინა“.

ახალ პროექტებს შორის არის ყოველდღიური სპორტული გადაცემა „ტაიმ-აუტი“, სადაც ყველა მნიშვნელოვან სპორტულ მოვლენას მიმოიხილავენ. ასევე, აკა მორჩილაძის გადაცემა, რომელიც ძველი თბილისის ისტორიებს გააცოცხლებს.

საეთერო ბადეში ტრადიციულად იქნება შემეცნებითი გადაცემებიც, რომლებიც მაყურებლებს შორის განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს.

ერთ-ერთი მთავარი სიახლე, რომელიც განახლებულ სეზონზე გელით, ეს არის მაღალხარისხიანი ქართული სერიალები, მათ შორის დოკუმენტური, რომლებიც ამ კვირიდან ეტაპობრივად გავა ეთერში. ახალ ქართულ დოკუმენტურ სერიალებს შორის არის „სტოქსი… პოლკოვნიკის დახეული წერილები“, რომლის პრეზენტაციაც ცოტა ხნის წინ დასრულდა.