სტომატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი აცხადებს, რომ რეგულაციებში სტომატოლოგიური კლინიკებისთვის განსაკუთრებული სიახლე არ იქნება
სტომატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი აცხადებს, რომ რეგულაციებში სტომატოლოგიური კლინიკებისთვის განსაკუთრებული სიახლე არ იქნება

სტომატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი, ჯანდაცვის სამინისტროში გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, შემუშავებული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, სტომატოლოგიურ კლინიკებს გეგმური მომსახურების აღდგენის საშუალება ექნებათ.

ზურაბ ალხანიშვილის თქმით, რეგულაციები ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე მაქსიმალურად არის მორგებული.

მისივე განმარტებით, რეგულაციებში, რომელიც დღის ბოლომდე ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდება, სტომატოლოგიური კლინიკებისთვის განსაკუთრებული სიახლე არ იქნება.

„სიახლეები, რომლებიც უკვე დღეიდან შეგვეხება სტომატოლოგებს, შეგვიძლია დავყოთ რამდენიმე ნაწილად. პირველი, ეს არის ის, რაც ამ საგანგებო რეჟიმის პირობებში ისედაც მოეთხოვებოდა ყველას და ისინი შესაბამისად ვრცელდებოდა სტომატოლოგიურ დაწესებულებებზეც, გარკვეული სპეციპიკები სტომატოლოგიური კლინიკებისთვის არის დამახასიათებელი.

რომ გითხრათ, ამაში რამე განსაკუთრებული სიახლეა, არა. ასეთი ტიპის რეგულაციები იქამდეც არსებობდა, რადგან ამ საგანგებო რეჟიმში მაინც მუშაობდა კლინიკების დიდი ნაწილი და ემსახურებოდა მწვავე და გადაუდებელ პაციენტებს.

შესაბამისად, ეს დაცვის საშუალებები ისედაც ჰქონდათ გამოყენებული. ახლა უბრალოდ 22-დან მათ, ვისაც უნდათ, რომ გეგმური სამუშაოების შესრულება დაიწყონ, უნდა დააკმაყოფილონ აბსოლუტურად ყველა კრიტერიუმი, რომელიც იქნება მოცემული.

მაგრამ, როგორც აღვნიშნე, ეს არის ის ზოგადი კრიტერიუმები, რომლებიც არსებობს ქვეყანაში და ასევე სტომატოლოგიური კლინიკებისთვის დამახასიათებელი ინფექციების კონტროლის საკითხები, რომლებიც შედარებით გამკაცრებული არის ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალიწინებით, ეს რა თქმა უნდა დროებითია“, – განაცხადა ზურაბ ალხანიშვილმა.

მისივე თქმით, სტომატოლოგია ზოგადად ის სფეროა, რომელიც ინფექციების გავრცელების თვალსაზრისით მაღალი რისკის შემცველია და შესაბამისად, კონტროლისა და პრევენციის ისედაც მაღალ სტანდარტს ითვალისწინებს.

„სტომატოლოგია ზოგადად ის სფეროა, რომელიც არის მაღალი რისკის შემცველი ინფექციების თვალსაზრისით არა მხოლოდ ეპიდემიის დროს, არამედ ზოგადად. შესაბამისად, ინფექციების პრევენციის და კონტროლის ძალიან მაღალი სტანდარტი მოგვეთხოვება. რომ გითხრათ, რომ მოუმზადებლები ვართ ამისთვის, ასე არ არის, რადგან ყველა სტომატოლოგი ყოველდღიურ საქმიანობაშიც ისედაც ბევრს აკეთებს ინფექციების პრევენციისა და კონტროლისთვის. შესაბამისად, არის უბრალოდ ინფრასტრუქტურული საკითხები, რომლებიც პრობლემას შეუქმნის კლინიკების გარკვეულ ნაწილს, თუმცა ეს არის კლინიკის მენეჯმენტის გადასაწყვეტი, როგორ მართავს ამ პროცესს.

შეიძლება განრიგებით იმუშაონ სტომატოლოგებმა და ა.შ. რა თქმ უნდა, იმ დატვირთვით ვერ ვიმუშავებთ, როგორც ვმუშაობდით, იზრდება დრო პაციენტების მომსახურების,მენეჯმენტის თვალსაზრისითაც ბევრი რამეა გასათვალისწინებელი, ვთქვათ განრიგი,რამე რომ მოხდეს რომ სხვა თანამშრომლები იყვნენ დაცულები“, – განაცხადა ზურაბ ალხანიშვილმა.

ზურაბ ალხანიშვილის განცხადებით, შესაძლებელია მომსახურების საფასურის გაზრდაც, ვინაიდან პანდემიის პერიოდში, მთელი მსოფლიოს მასშტაბით გაზრდილია ჰიგიენური საშუალებების ფასები.

„გავლენას ფასზე სავარაუდოდ მოახდენს, ვინაიდან ზოგადად ინფლაციის დონეც გასათვალისწინებელია და ასევე ინდივიდუალური დაცვის საშუალებები. ვიცით, რომ ქვეყნის მასშტაბით ფასმა მოიმატა და ეს საშუალებები ჩვენ ძალიან ბევრი გვჭირდება.

შესაბამისად, ფასნამატი იქნება, მაგრამ არა დრამატული და ძალიან მნიშვნელოვანი. მანიპულაციების შესაბამისად, არის მაღალი რისკის შემცველი მანიპულაციები, სადაც უფრო მაღალი დაცვის საშუალებები უნდა გამოვიყენოთ და დაბალი რისკის მანიპულაციები, სადაც სხვა საშუალებებს ვიყენებთ, რომელსაც დანახარჯი ნაკლები აქვს“, –  აღნიშნა ზურაბ ალხანიშვილმა.