ჰოლანდიაში რუსული „გაზპრომის“ აქტივები დააყადაღეს.
როგორც უკრაინული კომპანიის, “ნეფტოგაზის” ვებ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი, რუსული სახელმწიფო კომპანიის აქტივები სტოკჰოლმის საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ გამოტანილი ვერდიქტის საფუძველზე დააპატიმრეს.
„ნეფტოგაზმა“ „გაზპრომის“ აქტივების დაყადაღების მოთხოვნით ჰოლანდიის სასამართლოს გასულ კვირას მიმართა და სასამართლომ ეს შუამდგომლობა დააკმაყოფილა. მიუხედავად ამისა, „გაზპრომის“ შვიდმა შვილობილმა კომპანიამ სააღსრულებლო ბიუროსთან თანამშრომლობაზე უარი თქვა.
სტოკჰოლმის საარბიტრაჟო სასამართლომ „ნეფტოგაზისა“ და „გაზპრომის“ დავაზე საბოლოო გადაწყვეტილება 28 თებერვალს გამოიტანა. სასამართლომ მიიჩნია, რომ „გაზპრომმა“ უკრაინულ „ნეფტოგაზს“ რუსული გაზის ტრანზიტისთვის 4,63 მილიარდი დოლარის ოდენობით გადასახდი დააკლო.
სასამართლომ რუსულ ენერგოკომპანიას უკრანული მხარისთვის კომპენსაციის სახით, 2,56 მილიარდი დოლარის გადახდა დაავალდებულა.