სტოკჰოლმის პოლიციამ დააკავა მამაკაცი, რომელიც პორტუგალიის საელჩოში ხანძრის გაჩენაშია ეჭვმიტანილი
სტოკჰოლმის ცენტრში, დიპლომატიურ უბანში მდებარე შენობაში გაჩენილი ხანძრის შედეგად 14 ადამიანი მსუბუქად დაშავდა. როგორც პორტუგალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აუგუსტო სანტოს სილვამ განაცხადა, დამნაშავე საელჩოს „შეწუხებული“ სტუმარი იყო და მომხდარი ტერორიზმს არ უკავშირდება.
მინისტრის ინფორმაციით, საელჩოში მივიდა ადამიანი, რომელიც აღელვებული ლაპარაკობდა ესპანურ და ინგლისურ ენებზე. ის სავარაუდოდ, პორტუგალიაში ტრეფიკინგის პრობლემაზე საუბრობდა.
„ითხოვდა საელჩოს საკონსულო სექტორზე პასუხისმგებელ პირთან გასაუბრებას, თუმცა საუბრის დაწყებამდე ცეცხლი დაანთო და გაიქცა“, – განაცხადა პორტუგალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მამაკაცი პოლიციამ მალევე დააკავა. სამართალდამცავები დანაშაულის მოტივზე არ საუბრობენ.