სტოკჰოლმის მშვიდობის საერთაშორისო ინსტიტუტი - აშშ და რუსეთი ბირთვული შეიარაღების განახლებას აგრძელებენ
სტოკჰოლმის მშვიდობის საერთაშორისო ინსტიტუტის ანგარიშის მიხედვით, აშშ-ს, რუსეთსა და ჩინეთს შორის დაძაბულობა შესაძლოა, გამალებული ბირთვული შეიარაღების მიზეზი გახდეს. როგორც ინსტიტუტის მიერ 15 ივნისს გამოქვეყნებულ ახალ კვლევაშია აღნიშნული, ამას ხელს უწყობს ის ფაქტიც, რომ შეიარაღების კონტროლის შესახებ შეთანხმება მიღწეული არ არის და ამ მხრივ პროგრესი არ შეიმჩნევა.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ რუსეთი და აშშ აქტიურად ცდილობენ ბირთვული იარაღის მოდერნიზებას.
„ორივე მხარის სამხედრო გეგმებსა და დოქტრინებში, ბირთვულ შეიარაღებას ახალი და გაფართოებული როლი აქვს“, – ნათქვამია დოკუმენტში.
ექსპერტები ასევე მიუთითებენ, რომ ჩრდილოეთ კორეის ბირთვული განიარაღების მიზნით კონსულტაციებში დინამიკა აღარ შეიმჩნევა, ხოლო ირანთან შეთანხმება ფაქტობრივად ჩაიშალა. ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც „საშუალო და მცირე მანძილებზე მფრენი რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ შეთანხება“ დასრულდა, ხოლო „სტრატეგიული თავდასხმითი შეიარაღების შემცირებისა და შეზღუდვის შესახებ“ შეთანხმებაზე მოლაპარაკებები აშშ-სა და რუსეთს შორის ჩიხშია შესული.
„ამ ყველაფერმა შესაძლოა, ახალი გამალებული ბირთვული შეიარაღება გამოიწვიოს“, – ნათქვამია სტოკჰოლმის მშვიდობის ინსტიტუტის კვლევაში.