სტივენ დაუთი - ილია დარჩიაშვილთან საუბრისას შეშფოთება გამოვხატე სამოქალაქო საზოგადოებაზე მიმდინარე ზეწოლაზე, რაც ძირს უთხრის მოქალაქეების ამბიციას, ჰქონდეთ ევროატლანტიკური მომავალი
საგარეო საქმეთა მინისტრთან ილია დარჩიაშვილთან საუბრისას შეშფოთება გამოვხატე სამოქალაქო საზოგადოებაზე მიმდინარე ზეწოლასთან დაკავშირებით, რაც ძირს უთხრის მოქალაქეების ამბიციას, ჰქონდეთ ევროატლანტიკური მომავალი, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი ევროპის საკითხებში, სტივენ დაუთი სოციალურ ქსელში წერს.
დაუთის თქმით, მან ილია დარჩიაშვილთან დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობებსა და ევროპის უსაფრთხოებაზე ისაუბრა.
„გასულ კვირას, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობებზე და ევროპის უსაფრთხოებაზე ვისაუბრე. დიდი ბრიტანეთი მონაწილეობს ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიაში, რათა მხარი დავუჭიროთ საქართველოში არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარებას.
საუბრისას ჩემი ღრმა შეშფოთება გამოვხატე სამოქალაქო საზოგადოებაზე მიმდინარე ზეწოლაზე, ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით მდგომარეობასა და ანტიდასავლური რიტორიკის შესახებ. ამგვარი მოქმედებები ძირს უთხრის საქართველოს მოქალაქეების მკაფიო ამბიციას შექმნან თანამედროვე, ინკლუზიური საზოგადოება, ჰქონდეთ ევროატლანტიკური მომავალი და ასევე, ეჭვქვეშ აყენებს დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო პარტნიორობას“, – წერს სტივენ დაუთი სოციალურ ქსელში.