სტიქიით დაზარალებულები მდინარე სტორის მიერ გამორიყული მერქნის გამოყენების ნებართვას ითხოვენ
თელავის მუნიციპალიტეტში სტიქიით დაზარალებული სოფლების მოსახლეობა მდინარის მიერ გამორიყული მერქნის გამოყენებაზე ნებართვას ითხოვს.
„მდინარემ იმდენი შეშა ჩამოიტანა, ახლა წყალმა ცოტა დაიკლო, რიყე სავსეა შეშით. აქვე ვცხოვრობთ და იმის უფლება არ გვაქვს, ეს შეშა ავიღოთ და ზამთარში გასათბობად შემოვიტანოთ“, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს ლეჩურში მცხოვრებმა ხვთისო წელაურმა.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, მდინარე სტორის მიერ გამორიყული შეშის გამოყენების შემთხვევაში მათზე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სამსახურის მიერ დაწესებული ჯარიმები გავრცელდება.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის კახეთის დეპარტამენტის უფროსმა ბესო შუბითიძე მოსახლეობისთვის განმარტავს, რომ მდინარის მიერ ჩამოტანილი შეშის მოპოვება სატყეო სამსახურის შესაბამისი ნებართვის გარეშე უკანონოდ ჩაითვლება.
„მოსახლეობის მდგომარეობა გასაგებია, მაგრამ ჩვენ ვალდებული ვართ, კანონის შესაბამისად ვიმოქმედოთ.
ამიტომ, ვისაც შეშის მოპოვების სურვილი აქვს, სატყეო სამსახურიდან ნებართვა უნდა ქონდეს“, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის კახეთის დეპარტამენტის უფროსმა ბესო შუბითიძემ.
კახეთის სატყეო სამსახური ყვარელში მდებარეობს, სტორის ხეობიდან ადგილობრივ მოსახლეს შეშის მოპოვების ნებართვის მისაღებად საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობის შემთხვევაში ჯერ თელავში, შემდეგ კი ყვარელში მოუწევს ჩასვლა, რაც მოსახლეობის უკმაყოფილებას იწვევს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში განაცხადეს, რომ სატყეო სამსახურის მეთვალყურეობით საკითხი მოსახლეობის სასარგებლოდ დარეგულირდება.