სტიქიის ზონაში, მეექვსე დღეა, სამაშველო ღონისძიება გრძელდება [ფოტო]
10:11, 08.08.2023
ონის მუნიციპალიტეტში, შოვში, სტიქიის ზონაში, მეექვსე დღეა, სამაშველო ღონისძიება გრძელდება.
მთელი ღამის განმავლობაში სტიქიის ზონაში სპეციალური განათებებით უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა სამძებრო-სამაშველო ღონისძიება.
ამასთან, ადგილზე სამუშაოებს განაგრძობენ თავდაცვის ძალების სამხედროები. დამეწყრილ ტერიტორიაზე, სადაც გადაადგილება შეუძლებელი იყო, ასაწყობი საფეხმავლო ხიდები დამონტაჟდა.
სტიქიის ზონაში მუშაობა განაახლეს ვერტმფრენებმაც.
შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, დაღუპულია 18 ადამიანი, სტიქიის ზონაში კი 17 ადამიანს ეძებენ.
სამაშველო ღონისძიების ფარგლებში უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია 200-ზე მეტი ადამიანი.