სტიქიამ ლენტეხის მუნიციპალიტეტი დააზარალა. უხვი ნალექის შედეგად ჩიხარეშისა და ჟახუნდრის თემში შიდა სასოფლო გზები დაზიანდა.
ადიდებულმა მდინარემ წაიღო სოფელ ჟახუნდერთან დამაკავშირებელი ხიდი, რის გამოც აღნიშნული სოფლის ერთი უბანი გარესამყაროს არის მოწყვეტილი.
გარესამყაროს არის მოწყვეტილი ზედა შკედის მოსახლეობაც, რადგან ადიდებულმა მდინარემ გადასასვლელი ხიდ-ბოგირები წაიღო.
ლაშხეთის თემში დაზიანებულია სასოფლო-სამეურნეო სავარგულები. ლენტეხის მერიაში შექმნილია სტიქიის სალიკვიდაციო კომისია, რომელიც ზარალს შეისწავლის. სტიქიის ზონაში იმყოფებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.