სტეფან დიუჟარიკი - „ღია ცის შეთანხმების“ მსგავსი შეთანხმებების შეწყვეტამ შესაძლოა, გამოიწვიოს შეიარაღების ახალი საშიში რბოლა
სტეფან დიუჟარიკი - „ღია ცის შეთანხმების“ მსგავსი შეთანხმებების შეწყვეტამ შესაძლოა, გამოიწვიოს შეიარაღების ახალი საშიში რბოლა

„ღია ცის შეთანხმების“ მსგავსი შეთანხმებების შეწყვეტამ შესაძლოა, გამოიწვიოს შეიარაღების ახალი საშიში რბოლა, – ამის შესახებ გაერო-ს გენერალური მდივნის პრესსპიკერმა, სტეფან დიუჟარიკმა განაცხადა.

„ჩვენ კვლავ გამოვთქვამთ შეშფოთებას აშშ-რუსეთის იარაღის კონტროლის რეჟიმის ნგრევის გამო. შეიარაღების კონტროლის ამ რეჟიმმა უსაფრთხოების კუთხით სარგებელი მოუტანა მთელ საერთაშორისო საზოგადოებას სტრატეგიულ შეიარაღებაში კონკურენციის შეზღუდვით. ამგვარი შეთანხმებების დასრულებას მათი ჩანაცვლების გარეშე შეიძლება შედეგად მოჰყვეს მადესტაბილიზებელი ქმედებები, როგორიცაა შეიარაღების ახალი საშიში რბოლა“, – განაცხადა სტეფან დიუჟარიკმა.

ამერიკის შეერთებული შტატები ღია ცის შეთანხმებას ტოვებს. პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, ამ გადაწყვეტილების მიზეზი რუსეთის მიერ შეთანხმების შეუსრულებლობაა.

სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო რუსეთის მხრიდან „ღია ცის შეთანხმების“ ერთ-ერთ დარღვევად საქართველოს ოკუპირებული რეგიონების გასწვრივ სადამკვირვებლო ფრენების არდაშვებას ასახელებს.