სტეფ ბლოკი - საქართველოსა და ნიდერლანდებს ხანგრძლივი და ბრწყინვალე ორმხრივი ურთიერთობები აქვთ
სტეფ ბლოკი - საქართველოსა და ნიდერლანდებს ხანგრძლივი და ბრწყინვალე ორმხრივი ურთიერთობები აქვთ

საქართველოსა და ნიდერლანდებს გააჩნიათ ხანგრძლივი და ბრწყინვალე ორმხრივი ურთიერთობები, რომელსაც ხაზი გაესვა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ვიზიტით გასულ წელს და გასული წლის მარტში, საგარეო საქმეთა სამინისტროების დონეზე ჩატარებული კონსულტაციებით, – ამის შესახებ ნიდერლანდების სამეფოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, სტეფ ბლოკმა განაცხადა.

საქართველოში ვიზიტით მყოფი სტეფ ბლოკი დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს შეხვდა. შეხვდრის შემდეგ მინისტრებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.

„ამ შეხვედრებზე ჩვენი ძლიერი სავაჭრო ურთიერთობები ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ნიდერლანდები არის საქართველოსთვის მე-12 სავაჭრო პარტნიორი და ერთ-ერთი წამყვანი ინვესტორი, რაც გვიმყარებს რწმენას საქართველოს ეკონომიკურ ზრდასა და მომავალ შესაძლებლობებში. რაც შეეხება უსაფრთხოებას, საქართველო გახლავთ უმნიშვნელოვანესი ქვეყანა, როგორც სტაბილურობის ფაქტორი არამდგრად რეგიონში და ისეთი მიმართულებით, როგორიცაა კანონის უზენაესობა“, – განაცხადა სტეფ ბლოკმა.

ნიდერლანდების საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, რეფორმების მხრივ საქართველო სამაგალითოა.

„რაც შეეხება რეფორმებს, საქართველო გახდა მაგალითი და ეს, რა თქმა უნდა, აღნიშნული სტანდარტების შენარჩუნების მაღალ მოლოდინს გვიმყარებს. ველით თავისუფალ და სამართლიან საპარლამენტო არჩევნებს მიმდინარე წელს. არჩევნებამდე, მინდა ხაზი გავუსვა, მნიშვნელოვანია ავმაღლდეთ იმაზე, რაც ჩვენ გვაშორებს ერთმანეთს და ჩავატაროთ ინკლუზიური პოლიტიკური დიალოგი, რაც საქართველოს გააძლიერებს, როგორც დემოკრატიას და ქვეყანას“, – განაცხადა სტეფ ბლოკმა.

მისი თქმით, ნიდერლანდები გააგრძელებს საქართველოს მოკავშირეობას რეფორმირების პროცესში.

„თქვენი რეფორმირების ძალისხმევა განსაკუთრებით შთამბეჭდავია უსაფრთხოების იმ სიტუაციის თვალსაზრისით, რომელშიც ქვეყანა იმყოფება. ნიდერლანდები ღრმად შეშფოთებულია აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში მიმდინარე სიტუაციით, განსაკუთრებით რაც შეეხება ადამიანის უფლებებს. მე შევხვდები ევროკავშირის მონიტორინგის მისიას საოკუპაციო ხაზზე. მინდა, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. საერთაშორისო დონეზე ჩვენ მაღალ შეფასებას ვაძლევთ თქვენს ძალისხმევას როგორც პარტნიორს ნატო-ში და თანამშრომლობას აღმოსავლეთ პარტნიორობის ჭრილში“, – განაცხადა ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე.