სტატისტიკის თანახმად, საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 12 484.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2018 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 12 484.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 17.0 პროცენტით აღემატება. აქედან ექსპორტი 3 362.1 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (22.9 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 9 122.3 მლნ. აშშ დოლარს (14.9 პროცენტით მეტი).
საქსტატის თანახმად, საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2018 წელს 5 760.2 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 46.1 პროცენტი შეადგინა. ამავე პერიოდში ექსპორტმა რეექსპორტის გარეშე 2 297.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 11.0 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.
მათივე ინფორმაციით, 2018 წელს, საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში განხორციელდა 730.3 მლნ. აშშ დოლარის ექსპორტი, რაც 11.5 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს და ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 21.7 პროცენტს შეადგენს. იმპორტის მოცულობამ 2 629.1 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია (19.5 პროცენტით მეტი) და მთლიანი იმპორტის 28.8 პროცენტი შეადგინა.
სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 3 359.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 17.7 პროცენტით აღემატება. რაც შეეხება სავაჭრო დეფიციტს, 2018 წელს მთლიან უარყოფით სავაჭრო ბალანსში მისი წილი 33.0 პროცენტს შეადგენს.
2018 წელს, საქართველოდან დსთ-ის ქვეყნებში ექსპორტირებულია 1 677.1 მლნ. აშშ დოლარის საქონელი, რაც 41.6 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს და ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 49.9 პროცენტს შეადგენს. იმპორტის მოცულობა 2 697.1 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა (16.5 პროცენტით მეტი), რაც მთლიანი იმპორტის 29.6 პროცენტია.
სავაჭრო ბრუნვამ დსთ-ის ქვეყნებთან 4 374.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 25.0 პროცენტით აღემატება. რაც შეეხება სავაჭრო დეფიციტს, 2018 წელს, მისი წილი მთლიან უარყოფით სავაჭრო ბალანსში 17.7 პროცენტი იყო.
2018 წელს ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 72.0 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: აზერბაიჯანი (502.7 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (437.3 მლნ. აშშ დოლარი) და სომხეთი (284.9 მლნ. აშშ დოლარი).
2018 წელს ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 65.4 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (1 470.1 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (935.7 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (833.6 მლნ. აშშ დოლარი).
2018 წელს ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 66.2 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორებია თურქეთი (1 702.8 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (1 373.0 მლნ. აშშ დოლარი) და მესამე ადგილზე აზერბაიჯანი (1 088.8 მლნ. აშშ დოლარი), რომელიც მიმდინარე წლის ივნისიდან ნოემბრის ჩათვლით პერიოდში აღარ გვხვდებოდა უმსხვილეს სამეულში.
2018 წელს, სასაქონლო ჯგუფებიდან, საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა 504.1 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 15.0 პროცენტს შეადგინს. მეორე ადგილს იკავებს მსუბუქი ავტომობილები, 408.9 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 12.2 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა ფეროშენადნობები, 352.6 მლნ. აშშ დოლარით (10.5 პროცენტი).
უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2018 წელს წარმოდგენილი იყო ნავთობისა და ნავთობპროდუქტების სახით, რომლის იმპორტმა 863.9 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 9.5 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს იკავებდა მსუბუქი ავტომობილები 598.2 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 6.6 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა სპილენძის მადნები და კონცენტრატები, 396.7 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 4.3 პროცენტი).