სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა რეგიონული და მუნიციპალური სტატისტიკის პორტალს 40 ახალი მაჩვენებელი დაამატა
საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა რეგიონული და მუნიციპალური სტატისტიკის პორტალს 40 ახალი მაჩვენებელი დაამატა.
საქსტატის ცნობით, ამჟამად პორტალზე მუნიციპალურ დონეზე ჩაშლილი 124 მაჩვენებელია განთავსებული, რომელიც მოიცავს ინფორმაციას მოსახლეობისა და დემოგრაფიის, ჯანდაცვის, განათლების, კულტურის, მშენებლობის, ტურიზმის, ბიზნეს რეგისტრის, ბიზნეს სექტორის და სხვა სექტორების შესახებ. პორტალი მომხმარებელს საშუალებას აძლევს, შედარდეს ძირითადი მაჩვენებლები, როგორც რეგიონების ასევე მუნიციპალიტეტების დონეზე.
რეგიონული და მუნიციპალური სტატისტიკის პორტალი ევროკავშირის, დანიისა და გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში მომზადდა და მისი მიზანია მუნიციპალურ დონეზე სტატისტიკური შესაძლებლობების განვითარება, სტატისტიკის წარმოების გაუმჯობესება და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდა, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს ადგილობრივ დონეზე განვითარების ღონისძიებების დაგეგმვასა და მონიტორინგს.
მუნიციპალიტეტების დონეზე სტატისტიკური მონაცემების წარმოების შესაძლებლობების ზრდა საქართველოს ოფიციალური სტატისტიკის ეროვნული სისტემის განვითარების 2020-2023 წლებისა და დეცენტრალიზაციის 2020-2025 წლების სტრატეგიებით განსაზღვრული ერთ-ერთი პრიორიტეტია. ზემოაღნიშნული სტრატეგიების ფარგლებში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური და გაერო-ს განვითარების პროგრამა (UNDP), ევროკავშირისა და დანიის მთავრობის დაფინანსებით, თანამშრომლობენ ადგილობრივ დონეზე საჭიროებებზე დაფუძნებული სტატისტიკის წარმოების გაუმჯობესებისათვის.