„სტანდარტ ენდ ფუარსმა“ ნავთობისა და გაზის კორპორაციის რეიტინგი გაზარდა
„სტანდარტ ენდ ფუარსმა“ ნავთობისა და გაზის კორპორაციის რეიტინგი გაზარდა

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ S&P Global (Standard & Poor’s) „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ გრძელვადიანი რეიტინგი „B+“-დან (ბი პლუსი) „BB-“-მდე (ბიბი მინუსი) გააუმჯობესა, ხოლო პერსპექტივა სტაბილურად შეაფასა.

სააგენტომ რეიტინგი 15 ოქტომბერს გამოაქვეყნა. ინფორმაციას კი, ნავთობისა და გაზის კორპორაცია ავრცელებს.

როგორც სარეიტინგო კომპანიის შეფასებაშია აღნიშნული, საქართველოს მთავრობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს კორპორაციის როლს ენერგეტიკული პოლიტიკის მიზნებისთვის. კორპორაცია წარმოადგენს მთავარ ინსტრუმენტს ბუნებრივი გაზის მოწოდების საიმედოობის უზრუნველყოფის საქმეში, ამასთან, საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი ნავთობისა და გაზის უმნიშვნელოვანეს სატრანზიტო პროექტებში და ნავთობის ეროვნული კომპანიაა, რომელიც პროდუქციის განაწილების ხელშეკრულებებში სახელმწიფოს ინტერესებს წარმოდგენს. კორპორაცია აქტიურად ახორციელებს ბიზნესის დივერსიფიკაციის პოლიტიკას ბუნებრივ გაზზე მომუშავე თბოელექტროსადგურების მშენებლობისა და ოპერირების გზით.

სარეიტინგო სააგენტო ასევე აღნიშნავს „გარდაბანი-2“ თბოსადგურის პროექტის მნიშვნელობას, რომლის დასრულება იგეგმება მიმდინარე წლის მეოთხე კვარტალში. თბოსადგურის ექსპლუატაცია დაიწყება მიმდინარე წლის ბოლოს და ის მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს კორპორაციის ფინანსურ მდგომარეობას და გაზრდის ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებას. სარეიტინგო კომპანიის შეფასებით, კორპორაციის მომგებიანობაზე აგრეთვე დადებით გავლენას იქონიებს შაჰ-დენიზის მეორე ფაზის განხორციელების შედეგად გაზრდილი გაზის ტრანზიტი, რაც შესაბამისად კორპორაციის მიერ კონსორციუმისგან შესყიდული გაზის მოცულობებს ზრდის.

„სტანდარტ ენდ ფუარსის“ შეფასებით, მოსალოდნელია კორპორაციის 2019 წლის საკრედიტო მაჩვენებლების დროებითი გაუარესება შესასყიდი გაზის გაზრდილი ფასისა და პიკური კაპიტალური დანახარჯების გამო.

სარეიტინგო სააგენტო მიიჩნევს, რომ მაჩვენებლები გაუმჯობესდება მომავალ წლებში „გარდაბანი 2“-ის თბოელექტროსადგურის დასრულების შედეგად, რომელიც კორპორაციის EBITDA-ში 2020 წლიდან დამატებით 70 მილიონ ლარს შეიტანს.