უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების საკითხებზე, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ეგიდით, სტამბოლში ქართველი და აფხაზი მონაწილეების საკოორდინაციო მექანიზმის შეხვედრა გაიმართა
29 მაისს სტამბოლში გაიმართა ქართველი და აფხაზი მონაწილეებისგან შემდგარი საკოორდინაციო მექანიზმის მე-16 შეხვედრა, რომლის მიზანია აფხაზეთში 1992-1993 წლების შეიარაღებული მოქმედებების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების მოძიება და ხვედრის დადგენა. შეხვედრას, როგორც ნეიტრალური შუამავალი, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი (ICRC) თავმჯდომარეობდა.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, ამ დრომდე საკოორდინაციო მექანიზმის მუშაობის შედეგად 526 ადამიანის ნეშტი იქნა ნაპოვნი და ექსჰუმირებული. მათგან 285 ამოცნობილია და გადაეცათ ოჯახებს სათანადო პატივით დასაკრძალად. როგორც სახელმწიფო მინისტრის აპარატში აცხადებენ, აღნიშნული შესაძლებელი გახდა მიმდინარე, მკაფიოდ ჰუმანიტარული პროცესის მონაწილეების ერთობლივი ძალისხმევითა და აქტიური ჩართულობით.
„შეხვედრაზე, გაუჩინარებული ადამიანების ადგილსამყოფელის გარკვევაში მიღწეული შედეგების გარდა, ყურადღება გამახვილდა სამარხების შესახებ შემდგომი ინფორმაციის მოძიების აუცილებლობასა და ამოცნობის პროცესთან დაკავშირებულ საკითხებზე.
მონაწილეებმა გაცვალეს მათ ხელთ არსებული დამუშავებული ინფორმაცია, რომელიც ხელს შეუწყობს შემდგომი მოძიებისა და დამატებითი ადამიანების იდენტიფიცირების პროცესს. საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში დღემდე 1860 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა, მათი ოჯახები მოუთმენლად ელიან კონკრეტულ პასუხს და მრავალწლიანი გაურკვევლობის დასრულებას.
შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ პრაქტიკული ნაბიჯების თაობაზე, რათა უფრო მეტი ძალისხმევით შეგროვდეს და გაიცვალოს ინფორმაცია და უფრო სწრაფი ტემპით წარიმართოს უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების პროცესი“, – ნათქვამია სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.