სტამბოლში, სასამართლოს შენობასთან მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით 34 ადამიანი დააკავეს
სტამბოლში, სასამართლოს შენობასთან მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით 34 ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ „როიტერი“ თურქეთის იუსტიციის მინისტრზე, ილმაზ თუნჩზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას.
როგორც მედია წერს, თურქეთის იუსტიციის მინისტრს დამატებითი დეტალები არ დაუკონკრეტებია.
სტამბოლში ცეცხლი ორმა შეიარაღებულმა პირმა გახსნა. ისინი სამართალდამცველებმა ადგილზე მოკლეს. შემთხვევის შედეგად დაღუპულია ერთი, ხოლო დაშავებულია ექვსი ადამიანი, მათ შორის სამი პოლიციელი.
თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ალი იერლიკაია აცხადებს, რომ თავდამსხმელები მარქსისტული დაჯგუფების, „რევოლუციური სახალხო განმათავისუფლებელი ფრონტის“ წევრები არიან, რომელიც თურქეთის, ასევე აშშ-ისა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად არის აღიარებული.
მინისტრმა მომხდარი ტერორისტული თავდასხმის მცდელობად შეაფასა. ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.