სტამბოლში საქართველოს გენერალური კონსული თურქეთში მგზავრთა გადაადგილებაზე შემოღებული სპეციალური ნებართვის ვალდებულების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
სტამბოლში საქართველოს გენერალური კონსული თურქეთში მგზავრთა გადაადგილებაზე შემოღებული სპეციალური ნებართვის ვალდებულების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

ქალაქ სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულო საქართველოს მოქალაქეებს აცნობებს, რომ მიმდინარე წლის 29 მარტიდან თურქეთის რესპუბლიკაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ფარგლებში, შემოღებულ იქნა ქვეყნის მასშტაბით მგზავრთა გადაადგილებაზე სპეციალური სამგზავრო ნებართვის აღების ვალდებულება.

სტამბოლში საქართველოს გენერალური კონსული ინგა კიკვაძე სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაში განმარტავს, რომ აღნიშნული ნებართვა გაიცემა თურქეთის რესპუბლიკის ადგილობრივი გუბერნატორის სამსახურის (Valilik) მიერ და არა საკონსულოს მხრიდან.

„30 მარტს, ქალაქ სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულოს უშუალო ჩართულობით, ავტოტუროპერატორებმა მიიღეს ნებართვები თურქეთის ადგილობრივი ორგანოებიდან და ქალაქ სტამბოლიდან საქართველოს მიმართულებით ავტობუსებით გაემგზავრა საქართველოს 125 მოქალაქე. საკონსულოსგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, 30 მარტს, 29 მგზავრზე ვერ მოხდა მგზავრობის ნებართვის მიღება. ისინი გენერალური საკონსულოს მიერ განთავსებულნი იქნენ სასტუმროში, ხოლო მეორე დღეს, თითოეულ მათგანზე მოხდა მგზავრობის ნებართვის მოპოვება და ისინი უკვე გაემგზავრნენ საქართველოს მიმართულებით.

აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ 30 მარტს ავტოსადგურიდან გასული ავტობუსების გადაადგილებას საქართველოს მიმართულებით, ვაკონტროლებდით თურქეთის მთელ ტერიტორიაზე, ქალაქ ანკარაში საქართველოს საელჩოსა და ქალაქ ტრაპიზონში საქართველოს გენერალურის საკონსულოს დახმარებით“, – წერს კონსული სოციალურ ქსელში.