სტამბოლში აქცია გაიმართა მერის მხარდასაჭერად, რომელსაც ორი წლითა და შვიდი თვით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი
სტამბოლის მოქმედი მერის, ექრემ იმამოღლუს მხარდასაჭერ აქციაზე ათასობით ადამიანი შეიკრიბა. მედიის ცნობით, სტამბოლში გამართული მიტინგის მონაწილეები თურქეთის პრეზიდენტისა და მმართველი პარტიის საწინააღმდეგო სლოგანებს სკანდირებდნენ.
აქციის მონაწილეები სტამბოლის მუნიციპალიტეტის შენობასთან მივიდნენ და სასამართლოს მიერ ექრემ იმამოღლუსთვის პატიმრობის მისჯის ფაქტი გააპროტესტეს.
აქტივისტებმა გამოფინეს თურქეთის რესპუბლიკის დამაარსებლის, ქემალ ათათურქის პორტრეტი და განაცხადეს, რომ რეჯეფ თაიფ ერდოღანი მის სეკულარულ პრინციპებს ღალატობს.
ექრემ იმამოღლუს სახელმწიფო მოხელეების შეურაცხყოფაში დასდეს ბრალი და ორი წლითა და შვიდი თვით პატიმრობა მიუსაჯეს. ახლა ეს ვერდიქტი სააპელაციო სასამართლომ უნდა დაამტკიცოს. დამტკიცების შემთხვევაში, იმამოღლუს მომავალ წელს დაგეგმილ არჩევნებში მონაწილეობა აეკრძალება. იმამოღლუს მხარდამჭერები ამტკიცებენ, რომ სასამართლო ერდოღანს ემორჩილება, თურქეთის ხელისუფლება კი აცხადებს, რომ სასამართლო სისტემა გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად იღებს.