სტამბოლსა და ანკარაში პალესტინელების მხარდამჭერი ასობით დემონსტრანტი შეიკრიბა
სტამბოლსა და ანკარაში პალესტინელების მხარდამჭერი ასობით დემონსტრანტი შეიკრიბა

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის თურქეთში ვიზიტამდე ერთი დღით ადრე სტამბოლსა და ანკარაში პალესტინელების მხარდამჭერი ასობით დემონსტრანტი შეიკრიბა.

მედიის ცნობით, სტამბოლში, სარაჩანის პარკში მომიტინგეებს აქვთ ბანერები წარწერით: „ბლინკენ, ხოცვა-ჟლეტის თანამონაწილევ, წადი თურქეთიდან“.
დემონსტრანტებს ასევე აქვთ ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუსა და ბლინკენის სურათები წითელი „X“ ნიშნით.

ანკარაში აშშ-ის საელჩოსთან შეკრებილი მომიტინგეები სკანდირებდნენ ლოზუნგებს: „ისრაელი ბომბავს საავადმყოფოებს, ბაიდენი აფინანსებს“.

ამასთან, პალესტინის მხარდასაჭერად ათასობით დემონსტრანტი შეიკრიბა ვაშინგტონშიც. აქციის მონაწილეებმა დაგმეს აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მხარდაჭერა ისრაელის მიმართ და განაცხადეს, რომ მას „ხელები სისხლიანი აქვს”.