სტამბოლის აეროპორტში თვითმფრინავის ავარიულად დაშვების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი სამამდე გაიზარდა, დაშავებულია 180 ადამიანი
სტამბოლში, საბიჰა გოქჩენის საერთაშორისო აეროპორტში სამგზავრო თვითმფრინავის ავარიულად დაშვების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი სამამდე გაიზარდა, დაშავებულია 180 ადამიანი. ინფორმაციას ამის შესახებ თურქული ტელეკომპანია „ენ-ტი-ვი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ავიაკომპანია „პეგასუსის“ კუთვნილი ბოინგ-737, რომელიც იზმირიდან ასრულებდა რეისს, სტამბოლში, გოქჩენის სახელობის აეროპორტში ავარიული დაშვებისას დასაფრენი ზოლიდან გადავიდა და სამ ნაწილად დაიშალა. თვითმფრინავი რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში ეშვებოდა, ინციდენტის დროს ძლიერი ქარი ქროდა და წვიმდა.
შემთხვევის შემდეგ აეროპორტი დროებით დაიხურა, რეისები კი თურქეთის სხვა აეროპორტებში გადაამისამართეს.
ბორტზე 177 მგზავრი და ეკიპაჟის ექვსი წევრი იმყოფებოდა. მგზავრებს შორის იყო ორი ჩვილი. სტამბოლის მერის, ალი ერლიკაიას ინფორმაციით, დაშავებულებს შორის 174 მგზავრი და ეკიპაჟის ექვსი წევრია.
ავიაკომპანია პეგასუსი ცნობით, ბორტზე ძირითადად თურქეთის მოქალაქეები იმყოფებოდნენ, ასევე 20 უცხოელი მგზავრი 12 ქვეყნიდან.