სტაჟიორებს საჯარო სამსახურში საქმიანობა სამსახურებრივ სტაჟად ჩაეთველებათ
სტაჟიორებს საჯარო სამსახურში საქმიანობა სამსახურებრივ სტაჟად ჩაეთველებათ.
შესაბამისი ცვლილებები ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ მოამზადა, რომლის ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება.
კანონპროექტში აღნიშნულია, რომ კანონმდებლობა სტაჟირებისა და სტაჟიორის ცნებას არ ცნობს, რაც გამოწვევას წარმოადგენს, რადგან საჯარო სამსახურებში სტაჟიორები დღესაც არიან დასაქმებული, მაგრამ მათ აღნიშნული სამსახური არ ეთვლებათ სამსახურებრივ სტაჟში და მონაწილეობას ვერ ღებულობენ პირველი, მეორე და მესამე რანგის მოხელის თანამდებობაზე გამოცხადებულ დახურულ კონკურსში.
ფრაქციას მიაჩნია, რომ საჯარო სამსახურის სისტემის გაძლიერებისა და განვითარებისთვის, საჭიროა, საჯარო სამსახურში დასაქმების საშუალება მიეცეთ ახალგაზრდა, მოტივირებულ და ენერგიულ კადრებს.
რაც შეეხება უშუალოდ ცვლილებებს, კანონპროექტით განისაზღვრება სტაჟიორთათვის დადგენილი ძირითადი მოთხოვნები, ხელშეკრულების შეწყვეტის გარემოებები, ხოლო სტაჟირების გავლის წესი დადგინდება მთავრობის დადგენილებით.
ამასთანავე, სტაჟირების გავლის წესს უმაღლესი თანამდებობის პირი დაადგენს, რომელთა შორისაა პარლამენტის აპარატი, პრეზიდენტის ადმინისტრაცია, პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის სათათბირო ორგანოების აპარატები, ეროვნული ბანკის აპარატი, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აპარატი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატი, სახალხო დამცველის აპარატი, ბიზნესომბუდსმენის აპარატი, სპეციალურ საგამოძიებო სამსახური, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური, ცესკო-ს აპარატი, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საარჩევნო კომისიების აპარატები, ასევე საკონსტიტუციო სასამართლოსა და საერთო სასამართლოების აპარატები.
ზემოთ აღნიშნულის გარდა, ფრაქციას მიზანშეწონილად მიაჩნია ისიც, რომ პარლამენტის ფრაქციის აპარატის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების ფრაქციების აპარატების, ასევე მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის აპარატის თანამშრომლებს 2022 წლის პირველ ივლისამდე შესაბამის აპარატებში საქმიანობის პერიოდი საჯარო სამსახურის სტაჟად ჩაეთვალოთ.
ზემოთ აღნიშნულის გარდა, კანონპროექტში განმარტებულია, რომ პირის ერთსა და იმავე საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების ხანგრძლივობა განისაზღვრება არანაკლებ ექვს და არაუმეტეს 12 თვის ვადით, რაც პირს არ უშლის ხელს ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ გახდეს სტაჟიორი სხვა საჯარო დაწესებულებაში.
ამასთან, ცვლილებებით, სტაჟიორს უფლება ექნება, ერთსა და იმავე დამსაქმებელთან სტაჟირება გაიაროს მხოლოდ ორჯერ. პროექტით კონკრეტდება, რომ საჯარო დაწესებულებაში სტაჟირება არ არის ანაზღაურებადი.