სსფ-ის მუდმივი წარმომადგენელი - საქართველოს ეროვნულმა ბანკმა უნდა განაგრძოს მუშაობა მოქნილი გაცვლითი კურსის რეჟიმის პირობებში
მნიშვნელოვანია, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განაგრძოს მუშაობა მოქნილი გაცვლითი კურსის რეჟიმის პირობებში, რომელიც საქართველოს ეხმარება, წარმატებით გაუმკლავდეს საგარეო შოკებს, – ამის შესახებ საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივმა წარმომადგენელმა, ფრანსუა პეშომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეგიონული ეკონომიკური მიმოხილვის პრეზენტაციაზე განაცხადა.
ფრანსუა პეშომ გამოსვლისას საქართველოს ეროვნული ბანკის მუშაობა დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ მონეტარული პოლიტიკა სწორად არის კონცენტრირებული ფასების სტაბილურობაზე.
„ჩვენი აზრით, საქართველოს ეროვნული ბანკი წარმატებით ასრულებს დაკისრებულ ვალდებულებებს. მონეტარული პოლიტიკა მართებულადაა კონცენტრირებული ფასების სტაბილურობაზე, ინფლაცია დაბალია და თანხვედრაშია ეროვნული ბანკის ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელთან. გაცვლითი კურსის მოქნილობა ნარჩუნდება, რაც შოკების ძირითადი მშთანთქმელის როლს ასრულებს“, – განაცხადა საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივმა წარმომადგენელმა.
ამასთან, მისივე თქმით, დოლარიზაციის მაჩვენებელი ჯერ კიდევ მაღალია, რაც გაცვლითი კურსის მერყეობისადმი მგრძნობელობას ზრდის.
ფრანსუა პეშო აღნიშნული პრობლემის გადაჭრის გზად დედოლარიზაციის პროცესის გაგრძელებასა და მოქნილი გაცვლითი კურსის შენარჩუნებას ასახელებს.
„დოლარიზაციის შემდგომი შემცირება შესაძლებელია მიზნობრივი და ბაზარზე ორიენტირებული გონივრული ქმედებებით, ფინანსური განათლების გაღრმავებითა და მომხმარებელთა უფლებების დაცვით“, – განაცხადა მან.
ამასთან, სსფ-ის მუდმივი წარმომადგენელი უცხოური ვალუტის რეზერვების შევსების მნიშვნელობას უსვამს ხაზს და აღნიშნავს, რომ საქართველო რეზერვების ადეკვატურობის შეფასების ინდიკატორს ჩამორჩება.
„უცხოური ვალუტის რეზერვების შესავსებად დამატებითი ძალისხმევა არის საჭირო, რადგან საქართველო ჩამორჩება რეზერვების ადეკვატურობის შეფასების ჩვენს ინდიკატორს. შესაბამისად, სავალუტო რეზერვები უნდა გაიზარდოს, რომ არსებობდეს საგარეო მოწყვლადობის საწინააღმდეგო დაცვის მექანიზმი, ხოლო სავალუტო ინტერვენციები უნდა იყოს გამოყენებული მხოლოდ ჭარბი მერყეობის შესამცირებლად და სავალუტო რეზერვების შესავსებად“, – განაცხადა ფრასუა პეშომ.