სსფ-ის მისიის ხელმძღვანელი - ინვესტიციები ინფრასტრუქტურაში და რეფორმების განხორციელება ხელს შეუწყობს ეკონომიკის ისეთ ზრდას, სადაც კერძო სექტორი შექმნის სამუშაო ადგილებს
სსფ-ის მისიის ხელმძღვანელი - ინვესტიციები ინფრასტრუქტურაში და რეფორმების განხორციელება ხელს შეუწყობს ეკონომიკის ისეთ ზრდას, სადაც კერძო სექტორი შექმნის სამუშაო ადგილებს

ინფრასტრუქტურაში შემდგომი ინვესტიციები  და ხელისუფლების რეფორმის გეგმის განუხრელი განხორციელება ხელს შეუწყობს ეკონომიკის ისეთ ზრდას, სადაც კერძო სექტორი შექმნის სამუშაო ადგილებს და უზრუნველყოფს ზრდის ინკლუზიურობას, – ამის შესახებ საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელმა, მერსედეს ვერა-მარტინმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში ფისკალური პოლიტიკა მართებულად აბალანსებს ინფრასტრუქტურულ ინვესტიციებს, სოციალურ ხარჯებს და ფისკალურ დისციპლინას.

„ბიუჯეტის თანაბარმა შესრულებამ წლის განმავლობაში განაპირობა სახელმწიფო ინვესტიციების აჩქარება წლის პირველ ნახევარში. საგადასახადო შემოსავლები პროგნოზებს აღემატება, ნაწილობრივ ადმინისტრირების გაუმჯობესების გამო. დაუფასოებელ თამბაქოზე აქციზის გაზრდა გაათანაბრებს აქციზის განაკვეთებს თამბაქოს ნაწარმზე და დაიცავს გადასახადის ბაზას. სსფ-ს მისიასა და საქართველოს ხელისუფლებას შორის მიღწეულია შეთანხმება 2020 წლის ბიუჯეტის ძირითად პარამეტრებზე, სადაც დეფიციტი მშპ-ს 2.7 პროცენტი იქნება“, – აღნიშნა მან.

სსფ-ის მისიის ხელმძღვანელი განმარტავს, რომ ბიუჯეტის აღნიშნული დონე შეესაბამება ფისკალურ დისციპლინას, თუმცა ტოვებს ადგილს სოციალური ხარჯების ზრდისთვის.

„სახელმწიფო საწარმოებიდან და გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებებიდან მომდინარე ფისკალური რისკების მონიტორინგის გაგრძელება უზრუნველყოფს ქვეყნის ფისკალურ მდგრადობას“, – განაცხადა მან.

მერსედეს ვერა-მარტინმა ბანკებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საბანკო სექტორი კვლავ კაპიტალით კარგად უზრუნველყოფილი, ლიკვიდური და მომგებიანია.

„მივესალმებით ხელისუფლების ძალისხმევას გააძლიეროს ფინანსური სტაბილურობა, მათ შორის არასაბანკო ინსტიტუტების ზედამხედველობის გაძლიერებით. ბანკების ახალი სარეზოლუციო ჩარჩოს დროული ამოქმედება, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, კიდევ უფრო გაძლიერებს ქვეყნის ფინანსურ მდგრადობას“, – განაცხადა  სსფ-ის მისიის ხელმძღვანელმა.

მან განათლების რეფორმასაც გაისვა ხაზი და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით შემდგომი ნაბიჯების განხორციელება გააუმჯობესებს სამუშაო ადგილების შექმნას, სამუშაო ძალის პროდუქტიულობას და ხელფასებს.

მიმდინარე ინიციატივები გაკოტრების შესახებ და კაპიტალის ბაზრის რეფორმის, სრულად ამოქმედებულ საპენსიო რეფორმასთან ერთად ინვესტიციების მობილიზებას შეუწყობს ხელს“, – განაცხადა მერსედეს ვერა-მარტინმა.