სსფ - ინტერვენციები უნდა იყოს მიმართული ლარის კურსის ჭარბი მერყეობის თავიდან ასაცილებლად
საერთაშორისო სავალუტო ფონდი ეროვნული ბანკის პოლიტიკას აფასებს, მათ შორის ლარის კურსის მერყეობაზე რეაგირების კუთხით.
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ სავალუტო ინტერვენციები უნდა იყოს მიმართული მხოლოდ კურსის ჭარბი მერყეობის თავიდან ასაცილებლად.
შეგახსენებთ, რომ ლარის გაუფასურების ფონზე, ბოლო პერიოდში ეროვნულ ბანკს რეზერვებიდან თანხა ბაზარზე არ გამოუტანია.
„მონეტარული პოლიტიკა მართებულად ფოკუსირებული რჩება ფასების სტაბილურობაზე, რაც მხარდაჭერილია მცურავი გაცვლითი კურსით და მონეტარული პოლიტიკის გადაცემის მექანიზმის გაუმჯობესებით.
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის მდგომარეობა არსებული ვითარების შესაფერისია, თუმცა ხელისუფლებამ უნდა განაგრძოს დაკვირვება ფინანსური სექტორის განვითარების, მათ შორის სესხების ზრდის მიმართულებით. საქართველო კარგად იყენებს ინფლაციის თარგეთირების რეჟიმს მცურავ გაცვლით კურსთან ერთად.
სავალუტო ინტერვენციების გამოყენების არსებული პრაქტიკა უნდა გაგრძელდეს და მიმართული უნდა იყოს მხოლოდ გაცვლითი კურსის ჭარბი მერყეობის თავიდან ასაცილებლად და რეზერვების დასაგროვებლად.
საქართველოს ეროვნული ბანკის ნაბიჯები ლიკვიდობის მართვის, ეკონომიკის დედოლარიზაციის და კომუნიკაციის გაუმჯობესების მიმართულებით აძლიერებს მონეტარულ ჩარჩოს. მისასალმებელია მონეტარული ხელისუფლების ქმედებები ფინანსური სექტორის მდგრადობის გაძლიერების მიმართულებით.
შემოთავაზებული საკანონმდებლო ცვლილებები სათანადოდ გააფართოებს ცენტრალური ბანკის როლს არასაბანკო საფინანსო ინსტიტუტების და საკრედიტო ბიუროების რეგულირებასა და ზედამხედველობაში, გააძლიერებს ბანკების რეზოლუციის ჩარჩოს და უზრუნველყოფს ბანკების ზედამხედველობას კონსოლიდირებულ დონეზე.
ასევე შექებას იმსახურებს ხელისუფლების მცდელობა გააუმჯობესოს კრიზისულ სიტუაციებში ლიკვიდობის მხარდაჭერის საკანონმდებლო ჩარჩო. სტრუქტურული რეფორმების გატარებაზე მიმართული ღონისძიებები მნიშვნელოვანია მაღალი და ინკლუზიური ზრდის მისაღწევად. ინფრასტრუქტურის დახვეწა და სავაჭრო ურთიერთობების გაძლიერება გააუმჯობესებს ზრდის პერსპექტივებს“, – აღნიშნავენ სავალუტო ფონდში.
ორგანიზაციის ცნობით, გაკოტრების შესახებ ახალი კანონი არასაფინანსო კორპორაციებისთვის და ბიზნეს სახლი ხელს შეუწყობს ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებას.
„საპენსიო რეფორმის საფუძველზე გაიზრდება ეროვნული დანაზოგების ხელმისაწვდომობა, რაც წაახალისებს ინვესტიციებს, კონტრიბუციის სახით მიღებული თანხების მობილიზირების შემთხვევაში. კაპიტალის ბაზრების გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურა, რესურსების მობილიზაციის ხელშეწყობის გზით, წაახალისებს კაპიტალის დაგროვებას. შემდგომი ეკონომიკური ზრდის უზრუნველსაყოფად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს განათლების რეფორმის პროგრესს“, – აცხადებენ სსფ-ში.