სსფ  - ეროვნულმა ბანკმა ფასებზე, ხელფასებზე, მონეტარულ და ფინანსურ პარამეტრებზე დაკვირვება უნდა განაგრძოს
სსფ  - ეროვნულმა ბანკმა ფასებზე, ხელფასებზე, მონეტარულ და ფინანსურ პარამეტრებზე დაკვირვება უნდა განაგრძოს

საერთაშორისო სავალუტო ფონდში აცხადებენ, რომ მონეტარული პოლიტიკა საქართველოში ვითარების შესაბამისია.

„ინფლაციის თარგეთირების რეჟიმი, მცურავ გაცვლით კურსთან ერთად ფრიად გამოადგა საქართველოს. არსებული რეჟიმი კიდევ უნდა გაძლიერდეს. ცენტრალურმა ბანკმა უნდა გააგრძელოს დაკვირვება ფასებზე, ხელფასებზე, მონეტარულ და ფინანსურ პარამეტრებზე და კვლავაც უზრუნველყოს შესაბამისი მონეტარული პოზიცია“, – აღნიშნულია ფონდის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

სსფ საქართველოს შესაბამის უწყებებს რამდენიმე რეკომენდაციით მიმართავს.

„კრიზისის მართვის ჩარჩო უნდა მოერგოს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას. დაიხვეწოს სტრესის მართვის პროცედურები, შეიქმნას ბანკების რეზოლუციის ჩარჩო და სტრესის პირობებში ლიკვიდობის მიწოდების წესი. დაწყებული ზრდის ხელშემწყობი სტრუქტურული რეფორმების გატარება უნდა აჩქარდეს, რომ კერძო სექტორი გახდეს ზრდის მამოძრავებელი ძალა საშუალოვადიან პერიოდში.

რეფორმების დაჩქარება, ინფრასტრუქტურული ინვესტიციების ზრდა, განათლებისა და კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესება მდგრადი და ინკლუზიური ზრდის წინაპირობაა“, – აცხადებს ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილე ტაო ჟანგი, რომლის განცხადების ტექსტს საფინანსო ორგანიზაცია ავრცელებს.

ამასთან, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოსთვის 42.25 მილიონი დოლარის გამოყოფას მხარი დაუჭირა.