სსფ - 2020 წელს საქართველოს ეკონომიკის ზრდის პროგნოზი 4.3 პროცენტს შეადგენს, ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს წლის ბოლოსთვის მიაღწევს
საერთაშორისო სავალუტო ფონდი (სსფ) ვარაუდობს, რომ 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა 4.3 პროცენტით გაიზრდება. ამასთანავე, ფონდის პროგნოზით, ინფლაცია დაგეგმილ 3 პროცენტიან მაჩვენებელს წლის ბოლოს მიაღწევს. სავალუტო ფონდი ასევე დადებითად აფასებს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას.
სსფ-ის მისია, მერსედეს ვერა-მარტინის ხელმძღვანელობით, საქართველოში ვიზიტით 5-11 თებერვალს იმყოფებოდა. მისიის მიზანი იყო ქვეყნის ეკონომიკაში და საფინანსო სექტორში მიმდინარე პროცესების და სტრუქტურული რეფორმების პროგრესის შეფასება.
ვერა-მარტინის განცხადებით, საქართველოს ეკონომიკის ზრდა კვლავაც მყარია. წინასწარი შეფასებების მიხედვით, 2019 წელს ეკონომიკურმა ზრდამ 5.2 პროცენტი შეადგინა, რაც სსფ-ის 4.6 პროცენტიან პროგნოზს აღემატება.
„საქართველოს ეკონომიკის 2020 წლის ზრდის პერსპექტივა სტაბილურია და ზრდის პროგნოზი 4.3 პროცენტს შეადგენს. რისკები დაბალანსებულია 2019 წელს მოსალოდნელზე მაღალი აქტივობის გამო. ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს (წლიურ 3 პროცენტს) 2020 წლის ბოლოს მიუახლოვდება, მკაცრი მონეტარული პოლიტიკის გამო, ასევე ერთჯერადი ფაქტორების გავლენის მილევასთან ერთად. გაურკვეველი საერთაშორისო პერსპექტივა მოითხოვს გაცვლითი კურსის მოქნილობის შენარჩუნებას, რეზერვების დაგროვებას და გონივრული მაკრო პოლიტიკის გაგრძელებას. სსფ-ის გუნდი მიესალმება ხელისუფლების განზრახვას, შეინარჩუნოს მკაცრი მონეტარული პოლიტიკა, ვიდრე ეს საჭირო იქნება და ასევე, განახორციელოს პასუხისმგებლიანი ფისკალური პოლიტიკა“, – განაცხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა, მერსედეს ვერა მარტინმა ვიზიტის დასასრულს.
ამასთან, ფონდის ხელმძღვანელის შეფასებით, საგარეო შოკებისადმი მდგრადობის გასაზრდელად, ასევე საშუალო ვადიან პერიოდში მეტად ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის მისაღწევად, მნიშვნელოვანია სტრუქტურული რეფორმების გაგრძელება.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის დასრულებისა და მერსედეს ვერა მარტინის განცხადებების შესახებ ინფორმაცია საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გამოაქვეყნა.