საქართველო პარიზის წიგნის ბაზრობაზე საპატიო სტუმრის სტატუსით იქნება წარმოდგენილი
საქართველო პარიზის წიგნის ბაზრობაზე საპატიო სტუმრის სტატუსით იქნება წარმოდგენილი

საქართველო კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ლიტერატურული პლატფორმის, პარიზის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმარი ქვეყანა გახდება. ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, შეთავაზება ცენტრმა ჯერ კიდევ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის მიმდინარეობისას მიიღო და სავარაუდოდ, 2021 წელს ეხება.

ამ დრომდე ყველაზე პრესტიჟულ ფრანგულ ლიტერატურულ ბაზრობაზე საქართველოს საკუთარი სტენდიც კი არ ჰქონია წარმოდგენილი. შესაბამისად, ქართული ლიტერატურული ნამუშევრების თარგმანებიც ძალიან ცოტაა.

ცენტრის ინფორმაციით, პროექტის განხორციელებისთვის მზადყოფნა გამოთქვა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომაც და ამ ეტაპზე დეტალების დაზუსტების პროცესი მიმდინარეობს.

პარიზის წიგნის ბაზრობა Salon Du Livre 1981 წლიდან, ყოველწლიურად მარტის თვეში იმართება და საპატიო სტუმრის სახით ერთ ქვეყანას იწვევს. ბაზრობა არის მწერლების, გამომცემლების, მხატვრებისა და პუბლიცისტების შეხვედრის ადგილი, სადაც წარმოდგენილია სხვადასხვა ჟანრის ლიტერატურა მთელი მსოფლიოდან: ახალი წიგნები და ჟურნალები, ახალი ბეჭდვითი ტექნოლოგიები და ინოვაციები გამომცემლობით საქმიანობაში.

პარიზის წიგნის ბაზრობა ყოველწლიურად მსოფლიოს 37 ქვეყნის 1200 გამომცემელსა და 2000 ავტორს მასპინძლობს.