„სქაიაფ ეარლაინსის“ ცნობით, უკრაინიდან საქართველოს მიმართულებით ფრენები პირველი ივლისიდან იგეგმება
უკრაინული ავიაკომპანია „სქაიაფ ეარლაინსის“ ცნობით, უკრაინიდან საქართველოს მიმართულებით ფრენების განახლება პირველი ივლისიდან იგეგმება. ამის შესახებ ინფორმაციას ავიაკომპანიის პრესსამსახურზე დაყრდნობით უკრაინული მედია ავრცელებს.
„საერთაშორისო რეისების განახლება იგეგმება პირველი ივლისიდან საქართველოსა და ალბანეთის მიმართულებით, ხოლო 15 ივლისიდან სხვა ქვეყნებში, რომლებთანაც წინასწარი შეთანხმება მიღწეულია“, – ნათქვამია ავიაკომპანიის განცხადებაში.
ამასთან, როგორც ავიაკომპანიაში განაცხადეს, რეისების აღდგენა არ ნიშნავს, რომ მოგზაურობაზე ყველა შეზღუდვა გაუქმებულია.
„ბილეთების ყიდვამდე ავიაკომპანია რეკომენდაციას აძლევს მგზავრებს, გაეცნოს იმ ქვეყნების მოთხოვნებს, სადაც მიემგზავრებიან და ასევე დარწმუნდნენ, რომ მათ ყველა საჭირო დოკუმენტაცია აქვთ“, – აცხადებენ „სქაიაფ ეარლაინსში“.