„სქაი ნიუსი“ - ისრაელმა ღაზის სექტორში ახალი დერეფანი შექმნა, რაც შესაძლოა, ნიშნავდეს, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში რეგიონში სამხედროების დატოვება სურს
ისრაელმა ღაზის სექტორში ახალი დერეფანი შექმნა, რაც შესაძლოა, მიუთითებდეს, რომ ისრაელს რეგიონში სამხედროების დატოვება გრძელვადიან პერსპექტივაში სურს.
როგორც „სქაი ნიუსი“ იუწყება, ისრაელმა ღაზის სექტორის ჩრდილოეთით ახალი, ერთ კილომეტრამდე სიგანის დერეფანი შექმნა, რაც შესაძლოა, მიუთითებდეს ისრაელის ხელისუფლების სურვილზე, გრძელვადიან პერსპექტივაში რეგიონში სამხედროები დატოვოს.
„სქაი ნიუსის“ ცნობით, დერეფანი ღაზას სექტორისა და ისრაელის საზღვრიდან, ქალაქ ბეით-ჰანუნის გარეუბნებამდეა გადაჭიმული. ახალი მარშრუტის შესაქმნელად ისრაელის არმიამ რამდენიმე საცხოვრებელი შენობაც დაანგრია, რათა უზრუნველყოს ჯავშანტექნიკის თავისუფალი გადაადგილება.
ისრაელი ღაზის სექტორში ორ სტრატეგიულ დერეფანს უკვე აკონტროლებს – ნეცარიმსა და ე.წ. ფილადელფიის დერეფანს.
სტატიის მიხედვით, ისრაელის არმია ამ პოზიციებს პლაცდარმებად გამოიყენებს ჯიჰადისტურ დაჯგუფებებთან საბრძოლველად და, საჭიროების შემთხვევაში, ღაზის სექტორში ოპერაციების ჩასატარებლად.
მანამდე ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტმა გადაწყვიტა, დატოვოს ისრაელელი სამხედროები ე.წ. ფილადელფიის დერეფანში, რომელიც ეგვიპტესა და ღაზის სექტორს შორის საზღვარზე მდებარეობს. ამის წინააღმდეგ გამოვიდა ისრაელის თავდაცვის მინისტრი იოავ გალანტი. ეროვნული უსაფრთხოების მინისტრმა, იტამარ ბენ-გვირმა კი კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა.
ისრაელის ტელევიზიის მე-12 არხის ინფორმაციით, გალანტმა სამხედრო კაბინეტის სხდომაზე განაცხადა, რომ თუ მძევლების შესახებ შეთანხმება არ იქნება მიღწეული, ქვეყანას, შესაძლოა, ომის საფრთხე რამდენიმე ფრონტზე დაემუქროს.
როგორც ამტკიცებენ, თავდაცვის მინისტრმა ასეთი შეფასება შესაბამის დოკუმენტში დააფიქსირა, რომელიც პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და მაღალჩინოსანთა ვიწრო წრეს წარედგინა.