სპორტსმენს სპორტული დანიშნულების ავტომობილის საქართველოში ჩამოყვანის შემთხვევაში, განბაჟების თანხის გადახდა აღარ მოუწევს
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, სპორტსმენს სპორტული დანიშნულების ავტომობილის საქართველოში ჩამოყვანის შემთხვევაში, განბაჟების თანხის გადახდა აღარ მოუწევს და მხოლოდ სიმბოლურ თანხას გადაიხდის.
ჟურნალისტებთან საუბარში მამუკა მდინარაძემ „საგადასახადო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებები განმარტა და აღნიშნა, რომ დღეს მოქმედი კანონით, სპორტსმენებს ავტომობილების ჩამოყვანისას მათი განბაჟება და გადაკეთება უწევდათ, რაც დიდი რაოდენობის თანხასთან იყო დაკავშირებული.
„როცა ავტომრბოლელი, სპორტსმენი ავტომობილს ჩამოიყვანს, პრაქტიკულად, განბაჟების თანხის გადახდა აღარ მოუწევს, მხოლოდ სიმბოლური თანხა იქნება დაწესებული, თუ ის ავტომობილს სპორტული დანიშნულების შესაბამისად გადააკეთებს. ეს სპორტსმენებისთვის შეღავათი იქნება და სპორტის ამ სახეობის განვითარებას ხელს შეუწყობს. სპორტსმენებთან თანამშრომლობას გავაგრძელებთ, რომ მსგავსი ინიციატივებით მათი საქმიანობა და შედეგები გავაუმჯობესოთ“, – აცხადებს დეპუტატი.
მდინარაძე აღნიშნავს, რომ ახალი შეღავათები ისეთი სახის სპორტულ ავტომობილებს შეეხება, რომელიც ყოველდღიურ ყოფით პირობებში არ გამოიყენება.
„საგადასახადო კოდექსში“ მომზადებული ცვლილებების ინიცირება 29 აპრილის ბიუროს სხდომაზე მოხდება, რომლის გათვალისწინებით, სპორტული დანიშნულების ავტომობილისთვის აქციზის გადასახადის თანხა მათი წლოვანებითა და ძრავის მოცულობით აღარ განისაზღვრება. კანონპროექტით, სპორტული ავტომობილებისთვის აქციზის გადასახადი ფიქსირებულად, 100 ლარის ოდენობით განისაზღვრება.
კანონპროექტის ავტორები საპარლამენტო უმრავლესობის წევრები მამუკა მდინარაძე, კახა კუჭავა და მიხეილ ყაველაშვილი არიან.