სპორტის ვეტერანი კომენტატორი ოლიმპიადაზე ავსტრალიელი ქალი მოცურავეების შესახებ გაკეთებული განცხადების გამო ტელეეთერს ჩამოაშორეს
სპორტის ვეტერანი კომენტატორი ოლიმპიადაზე ავსტრალიელი ქალი მოცურავეების შესახებ გაკეთებული განცხადების გამო ტელეეთერს ჩამოაშორეს. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.
ბობ ბალარდი სექსისტური შეფასების გამოყენებაში დაადანაშაულეს. კერძოდ, როდესაც ავსტრალიის ქალ მოცურავეთა ნაკრების ოქროს მედლის მოპოვებას აღნიშნავდნენ, კომენტატორმა თქვა, რომ ქალებმა ახლახან დაასრულეს.
„ხომ იცით, როგორები არიან… აქეთ-იქით ტრიალებენ, მაკიაჟს იკეთებენ“, – თქვა სიცილით ბალარდმა პირდაპირ ეთერში.
მისმა ქალმა კოლეგამ, ბრიტანელმა ჩემპიონმა მოცურავემ, ლიზი სიმონდსმა კი უპასუხა, რომ ეს აღმაშფოთებელი იყო და აღნიშნა, რომ ზოგი მამაკაციც ამგვარად იქცევა.
მალევე აღნიშნული ვიდეო სოციალურ ქსელებში გავრცელდა. მოგვიანებით, ტელეკომპანია Eurosport-მა განაცხადა, რომ ბალარდი კომენტატორების სიიდან ამოიღეს.
ბობ ბალარდმა სოციალურ ქსელ X-ში ბოდიში მოიხადა, თუ მისმა კომენტარმა ვინმეს შეურაცხყოფა მიაყენა. ბალარდის თქმით, მისი განზრახვა არ ყოფილა, ვინმეს დამცირება ან წყენინება.
ავსტრალიელ ქალ მოცურავეთა ნაკრებმა აშშ და ჩინეთი დაამარცხეს და ოქროს მედალი მოიპოვეს.
Eurosport-ი აცხადებს, რომ ბალარდი მათ ეთერში აღარ დაბრუნდება.
ბობ ბალარდს კომენტატორობის დიდი გამოცდილება აქვს. მას 1980-იანი წლებიდან მიჰყავდა ოლიმპიური თამაშები და მსოფლიო ჩემპიონატები. ის ასევე მუშაობდა „ბიბისის“ რეპორტიორად და წამყვანად.