სპორტის სამინისტრომ საჩხერისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტების სპორტულ დაწესებულებებს ინვენტარი და ეკიპირება გადასცა
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო მაღალმთიანი მუნიციპალიტეტებისთვის შეძენილი სპორტული ინვენტარისა და ეკიპირების გადაცემას აგრძელებს. ამჯერად ინვენტარი და ეკიპირება საჩხერისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტებმა მიიღეს. ინფორმაციას ამის შესახებ სპორტის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ინვენტარისა და ეკიპირების გადაცემას საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე იოსებ ბაღათურია, იმერეთში სახელმწიფოს რწმუნებულის მოადგილე ბესიკ გოფოძე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და ადგილობრივი სპორტული დაწესებულებების აღსაზრდელები ესწრებოდნენ. ინვენტარისა და ეკიპირების გადაცემას დაესწრო ცნობილი ქართველი სთრონგმენი, ევროპის ვიცე-ჩემპიონი კონსტანტინე ჯანაშიაც.
„მაღალმთიან დასახლებებში სპორტის სფეროში დასაქმებული მწვრთნელებისათვის ფინანსური დახმარებისა და სპორტის განვითარების ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამის “ ფარგლებში 2023 წელს სამინისტროს თანამშრომლების ჯგუფმა 25 მაღალმთიან მუნიციპალიტეტში მწვრთნელებისა და მათი მოსწავლეების საჭიროებების შესწავლის მიზნით კვლევა ჩაატარა. მუნიციპალიტეტებში აღმოჩნდა სპორტული ინვენტარისა და ეკიპირების დეფიციტი და მწვავე საჭიროება, არსებული ინვენტარისა და ეკიპირების ნაწილი დაზიანებული იყო და შეცვლა სჭირდებოდა, ეს გარემოება კი ნეგატიურად აისახებოდა ვარჯიშებისა და წვრთნების ხარისხზე, ზრდიდა ტრავმების რისკს და აფერხებდა სპორტის განვითარებას. მონიტორინგის შედეგების ანალიზის საფუძველზე, მასობრივი სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის მიზნით სამინისტრომ მიმართა შპს „სპორტმშენსერვისს“, რომელმაც შეიძინა სპორტსმენთა ეკიპირება და სპორტული ინვენტარი. სამინისტროს მიერ გამოყოფილი საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში 25 მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლებისა და დაწესებულებებისთვის, ასევე, სპორტული ფედერაციებისთვის კომპანიამ შეისყიდა 3 788 620 ლარი ღირებულების 8355 ერთეული სხვადასხვა სახის სპორტული ინვენტარი და ეკიპირება. აღსანიშნავია, რომ ეს პროექტი უპრეცედენტოა – მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში პირველად ჩატარდა საჭიროებების მონიტორინგი და ამ რეგიონების სპორტულ ორგანიზაციებს ინვენტარი პირველად გადაეცა.
თითოეულ მუნიციპალიტეტს ინვენტარი და ეკიპირება გადაეცა სპორტული ორგანიზაციებისა და კლუბების ხელმძღვანელებთან შეთანხმებით, მწვრთნელებისა და მოსწავლეების საჭიროებების გათვალისწინებით, კერძოდ: ა(ა)იპ საჩხერის სპორტულ სკოლას კალათბურთის ფარები, კალათბურთის ბადეები, კალათბურთის ბურთები, ფრენბურთის ბადეები, ფრენბურთის ბურთები, ფეხბურთის ბურთები, ფეხბურთის გადასაცმელები, მეკარის ხელთათმანები, კრივის ტომრები, კრივის ხელთათმანები, ძალოსნობის ფეხსაცმელები, მაგიდის ჩოგბურთის ჩოგნები, ფინკები, კიმონოები, ჭადრაკის საათები, ჭადრაკის დაფები, ლახტები, სავარჯიშო რეზინები, სასტვენები გადაეცა.
ა(ა)იპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის N27 კომპლექსურმა სპორტულმა სკოლამ ტატამები, მაგიდის ჩოგბურთის მაგიდა, მაგიდის ჩოგბურთის ჩოგნები, სავარჯიშო საჭიდაო მანეკენები, სავარჯიშო მძიმე ჟილეტები, კრივის ტომრები, კრივის ხელთათმანები, შტანგის ღერძი, ჰანტელები, კალათბურთის ბურთები, ფრენბურთის ბურთები, ფრენბურთის ბადე, ჭადრაკის დაფები, ჭადრაკის საათები, ფინკები, ლახტები, სტადიონის მოსანიშნები, სასტვენები, სასწორები მიიღო. აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტებში სპორტულ ინვენტარს არა მარტო სპორტული ორგანიზაციების აღსაზრდელები, არამედ, საჭიროების შემთხვევაში, ასაკობრივი და ეროვნული ნაკრებების წევრებიც გამოიყენებენ. სპორტული ინვენტარი და ეკიპირება მუნიციპალიტეტებსა და ფედერაციებს ეტაპობრივად გადაეცემა“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.