სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან საკოორდინაციო შეხვედრა გამართა
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან საკოორდინაციო შეხვედრა გამართა

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან საკოორდინაციო შეხვედრა გამართა.

შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, კოკა კაციტაძემ და სამხრეთ კავკასიაში ადამიანის უფლებათა საკითხებში გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის უფროსმა მრჩეველმა, ვლადიმირ შკოლნიკოვმა.

შეხვედრის მიზანს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გაძლიერებისკენ მიმართული მიმდინარე და სამომავლო პროექტების განხილვა და ამ პროცესში საერთაშორისო ორგანიზაციების მაქსიმალური კოორდინაციის უზრუნველყოფა წარმოადგენდა.

აღინიშნა, რომ კოორდინაციის ეს პლატფორმა სამსახურს მისცემს შესაძლებლობას, საჭიროებებზე მორგებული პროექტები დონორი ორგანიზაციების ჩართულობით დაგეგმოს და სამომავლოდ აქტიურად განახორციელოს.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, კოკა კაციტაძემ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს გამოჩენილი ნდობისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა, რაც გაფართოებული მანდატის ფარგლებში სამსახურის საჭიროებების უზრუნველსაყოფად უმნიშვნელოვანესი იყო.

კოკა კაციტაძემ შეხვედრის მონაწილეებს 2022 წლის საქმიანობის მოკლე ანგარიში წარუდგინა. მან თავის გამოსვლაში იმ მნიშვნელოვან ორგანიზაციულ და სტრუქტურულ რეფორმებზე ისაუბრა, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით სამსახურის შექმნის დღიდან განხორციელდა.

ასევე, შეხვედრაზე სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილემ, ნათია სონღულაშვილმა, წარმოდგენილ პრეზენტაციაში დეტალურად მიმოიხილა სამსახურის პრიორიტეტული ამოცანები და იდენტიფიცირებული საჭიროებები, რაც დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს შესაძლებლობას მისცემს ნაყოფიერად დაგეგმონ სამომავლო პროექტები და თანამშრომლობის მიმართულებები.

სამსახური დონორ ორგანიზაციებთან საკოორდინაციო შეხვედრებს მომავალშიც აქტიურად გეგმავს, რომელიც სამსახურის განვითარებასთან დაკავშირებულ პრიორიტეტულ საკითხებზე მათი ძალისხმევისა და რესურსების სწორად მიმართვას შეუწყობს ხელს.

შეხვედრას სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე გიორგი კვარაცხელია, სამსახურის, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და პროექტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საკოორდინაციო შეხვედრის ჩატარება შესაძლებელი გახდა ევროკავშირის (EU) და გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის (OHCHR) ფინანსური ხელშეწყობით.

ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.