სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ქალაქ რუსთავში რეგიონული ოფისის ასაშენებლად ღია ტენდერი გამოაცხადა
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ქალაქ რუსთავში რეგიონული ოფისის ასაშენებლად ღია ტენდერი გამოაცხადა

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 2024 წლის 19 თებერვალს, სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით, ქალაქ რუსთავში რეგიონული ოფისის ასაშენებლად ღია ტენდერი გამოაცხადა. ქვემო ქართლის ახალი რეგიონული ოფისის მეშვეობით, სამსახური უფრო მეტად ეფექტურად და სწრაფად შეძლებს რეგიონში არსებულ სამ დროებით მოთავსების იზოლატორსა და ხუთ პენიტენციურ დაწესებულებაში დაკავებულ და დაპატიმრებულ პირთა საჩივრებზე რეაგირებას.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, სამსახური უფრო მეტად ხელმისაწვდომი გახდება ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობისთვის.

„ქალაქ რუსთავში ახალი რეგიონული ოფისი სამსახურის ფუნქციებსა და საქმიანობის სპეციფიკაზე სრულად იქნება მორგებული. აღიჭურვება უსაფრთხოებისთვის აუცილებელი თანამედროვე სტანდარტებით გათვალისწინებული ტექნიკითა და ინვენტარით, სახანძრო და შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვით. ასევე, სრულად იქნება ადაპტირებული შშმ პირებზე. რეგიონული ოფისი 2576 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე განთავსდება და შენობის ფართი 662 კვ. მეტრი იქნება, სადაც გამოკითხვის, დროებითი დაკავების, ამოცნობისა და საქმის მასალების გაცნობის ოთახები მოეწყობა.

სამუშაოების სავარაუდო ღირებულებად – 2 385 000 ლარი, ხოლო ხანგრძლივობად წელიწად-ნახევარია განსაზღვრული. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა რეგიონული ოფისების გახსნა და ადგილზე საგამოძიებო დანაყოფების ამოქმედება პირველი დღიდან პრიორიტეტად დაისახა. ინსტიტუციური და ინფრასტრუქტურული გაფართოების პირველ ეტაპზე არსებულ ოფისებს, სახელმწიფოს ხელშეწყობით, ორი ახალი ოფისი კახეთსა და სამეგრელოს რეგიონში დაემატა. ევროკომისიის რეკომენდაციაში მოცემული სამსახურის გაძლიერების უზრუნველსაყოფად, საგამოძიებო უფლებამოსილების ეფექტიანად განხორციელების და გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაფართოებისთვის, სამსახური ქვემო ქართლის შემდეგ რეგიონული ოფისის გახსნას შიდა ქართლშიც გეგმავს“, – ნათქვამია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.