სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ხუთი პირი ამხილა, მათ შორის ორი მამაკაცი და სამი ქალი.
„სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ პირადი მიმოწერის უკანონოდ მოპოვების და პირადი ცხოვრების საიდუმლოს გავრცელების ფაქტებზე მხილებულია 30 წლის ქალი.
გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წლის ნოემბრიდან ბრალდებული ქალი ქორწინებაში იმყოფებოდა ნ.ბ-სთან, რომელსაც ინტიმური ურთიერთობა ჰქონდა სხვა ქალთან და ისინი კომუნიკაციას სხვადასხვა ინტერნეტაპლიკაცი’ის მეშვეობით ახორციელებდნენ.
2023 წლის 28 იანვარს ბრალდებული ქალი მობილურ ტელეფონში, აპლიკაცია Viber-ში თავისი მეუღლის სასიყვარულო შინაარსის მიმოწერას გაეცნო. მან მიმოწერის ე.წ. სქრინები გადაიღო და შემდგომში ისინი მეუღლის ნათესავებთან და მეგობრებთან უკანონოდ გაავრცელა.
დანაშაულში მხილებულ ქალს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1571-ე მუხლის პირველი ნაწილით და 159-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის წარედგინა. მას სასამართლოს განაჩენით ორი წელი პირობითი მსჯავრი განესაზღვრა.
ასევე, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე 1973 წელს დაბადებული მამაკაცი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის იანვარში დაზარალებულმა ქალმა სოციალურ ქსელ Facebook-ის მეშვეობით 1973 წელს დაბადებული ბრალდებული გაიცნო და მასთან ვიდეოზარით ვირტუალური სექსი ჰქონდა, რისი ამსახველი ფოტოები და ვიდეო მამაკაცმა ფარულად გადაიღო. მოგვიანებით ბრალდებული დაზარალებულ ქალს დაემუქრა – თუ არ დაემორჩილებოდა მას და არ შეასრულებდა მის მითითებებს, ინტიმური შინაარსის ვიდეოჩანაწერსა და ფოტოსურათებს გაუვრცელებდა.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ცხელი ხაზის მეშვეობით შეტყობინების მიღებისთანავე, კონფიდენციალურობის სრული დაცვით, საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები მოკლე დროში ჩაატარა. ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას მობილურ ტელეფონში ნანახი და ამოღებული იქნა დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი მასალა, რომელიც სასამართლოს განაჩენის შემდეგ განადგურდება. ბრალდებული ა.ფ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის იქნა დაკავებული. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. დანაშაული შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის კიდევ ერთი ფაქტი გახსნა. სამსახურის თანამშრომლების მიერ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე დანაშაულში მხილებულია დედა-შვილი.
გამოძიებით დადგინდა, რომ 2023 წლის ზაფხულში დაზარალებულმა მ.გ.-მ საზღვარგარეთ მყოფ თავის შეყვარებულ მამაკაცს, გ.დ.-ს აპლიკაცია whatsapp-ის საშუალებით თავისი ინტიმური შინაარსის ფოტო და ვიდეომასალა გაუგზავნა, რომელსაც მამაკაცი კუთვნილ ტელეფონში ინახავდა. პარალელურად, ასევე, აღნიშნულ მამაკაცს, გ.დ.-ს ინტიმური ურთიერთობა ჰქონდა სხვა გოგოსთან, თ.ტ.-სთანაც, რომელმაც მამაკაცის მობილურ ტელეფონში სხვა ქალთან არსებული მიმოწერები და დაზარალებული ქალის ინტიმური შინაარსის ფოტოები ნახა.
მოგვიანებით, შურისძიების მიზნით ბრალდებულებმა თ.ტ.-მ და დედამისმა დაზარალებული ქალის ინტიმური შინაარსის ფოტო და ვიდეომასალა დაზარალებულის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს გადაუგზავნა.
დანაშაულში მხილებულ დედას და შვილს ბრალდება პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ შენახვის, გამოყენების და გავრცელების ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის წარედგინათ. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით 3000 ლარის ოდენობით გირაო შეეფარდათ. დანაშაული შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე 19 წლის კაცი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სოციალურ ქსელ Telegram-ის ერთ-ერთ ჯგუფში მისთვის უცნობი დაზარალებული ქალის შიშველი ფოტო-ვიდეომასალა მოიპოვა, რის შემდეგაც იგი სოციალური ქსელით დაუკავშირდა დაზარალებულ ქალს და ახალი ინტიმური კადრების გადაღება და მასთან გადაგზავნა მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში უკვე მოპოვებული კადრების გავრცელებით დაემუქრა. დაზარალებულისგან უარის მიღების შემდეგ ბრალდებულმა პირადი ცხოვრების ამსახველი მასალები მის ქმარს და მეზობლებს გადაუგზავნა.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა შეტყობინების მიღების შემდეგ გამოძიება მყისიერად დაიწყო. ბრალდებული გ.მ. გამოძიების დროს სააბონენტო ნომრით იდენტიფიცირდა, რომლის მობილურ ტელეფონში ნანახი და ამოღებული იქნა დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი მასალები და მიმოწერის დამადასტურებელი ე.წ. სქრინები.
მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე ბრალდებული გ.მ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის იქნა დაკავებული. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა“, – ნათქვამია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში აცხადებენ, რომ უწყება პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტების აღსაკვეთად და დანაშაულში მხილებული პირების გამოსავლენად ბრძოლას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს.