სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა პედოფილიის რეესტრისა და მონიტორინგის მექანიზმის შექმნის ინიციატივა კრიმინოლოგებს წარუდგინა
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, კოკა კაციტაძემ, მოადგილესთან, ნათია სონღულაშვილთან ერთად, კრიმინოლოგებსა და დარგის ექსპერტებს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინიციატივა გააცნო, რომელიც პედოფილიასა და სექსუალური გამოძალვისთვის მსჯავრდებული პირებისთვის ელექტრონული რეესტრისა და სახელმწიფო მონიტორინგის მექანიზმის შექმნას ისახავს მიზნად.
ელექტრონულ რეესტრში შეყვანას, მონიტორინგს და უფლებების ჩამორთმევას დაექვემდებარებიან ის მსჯავრდებულები, რომელთაც სპეციალური საგამოძიებო სამსახური გამოავლენს მცირეწლოვანი ბავშვების, არასრულწლოვანი პირების მიმართ ჩადენილ სექსუალურ გამოძალვასა და სქესობრივ დანაშაულებში, ასევე ის პირები, რომლებიც პირადი ცხოვრების კადრებს მოიპოვებენ და ავრცელებენ ანგარების მიზნით, ასევე ის მსჯავრდებულები, რომელთაც მსგავსი ტიპის რამდენიმე დანაშაული აქვთ ჩადენილი ან ამ დანაშაულს ჩადიან განმეორებით.
აღნიშნული დანაშაულებისთვის მსჯავრდებული პირების მიმართ გამოყენებული იქნება სხვადასხვა შემზღუდველი ღონისძიებები, როგორიც არის არასრულწლოვანთან ერთად ცხოვრების, საგანმანათლებლო დაწესებულებასთან 30 მეტრის რადიუსში მიახლოების, მგზავრთა გადაყვანის უფლების ჩამორთმევა, საექიმო და პედაგოგიური საქმიანობის, სოციალურ მუშაკად მუშაობის აკრძალვა და ა.შ.
რაც შეეხება სახელმწიფო მონიტორინგს, იგი მოიცავს გარკვეული პერიოდულობით მსჯავრდებული პირის საგამოძიებო ორგანოში გამოცხადების ვალდებულებას, საცხოვრებელ და სამუშაო მისამართზე პირის შემოწმებას, მისგან ინფორმაციის მოთხოვნას და სხვა პრევენციული ღონისძიებების გატარებას.
კრიმინოლოგებმა და დარგის ექსპერტებმა სამსახურის ინიციატივა დადებითად შეაფასეს, იმსჯელეს განსახილველი დანაშაულის, მათ შორის, პედოფილიის გამომწვევ მიზეზებზე, პრევენციის მექანიზმებზე და შეხვედრის მონაწილეებს საკუთარი რეკომენდაციები გაუზიარეს.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური პედოფილიასა და მასთან დაკავშირებულ დანაშაულებთან საბრძოლველად საჭირო საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების მიზნით საქართველოს პარლამენტთან აქტიურ თანამშრომლობას გეგმავს.
შეხვედრას ესწრებოდნენ გამოძიების ხარისხის მონიტორინგისა და ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი ლევან ქუთათელაძე, „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი გიორგი თუმანიშვილი, „თინათინ წერეთლის სახელობის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის“ მეცნიერ-თანამშრომელი გიორგი თორდია, სამართლის დოქტორი, პროფესორი ამირან მოსულიშვილი, „თინათინ წერეთლის სახელობის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის“ უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი თემურ ცქიტიშვილი, „მაქს პლანკის“ ინსტიტუტის კრიმინოლოგი ალექსანდრე ღლონტი, „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი გიორგი დგებუაძე და „აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის“ ასოცირებული პროფესორი, სამართლის დოქტორი, კრიმინოლოგი დავით წულაია.
ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.