სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მარნეულში მოქალაქის თვითმკვლელობამდე მიყვანისა და სამართალდამცავების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
სპეციალური საგამოძიებო სამსახური მარნეულში მოქალაქე რ.ბ.-ის თვითმკვლელობამდე მიყვანის და სამართალდამცავების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე, გამოძიებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე და 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით აქტიურ რეჟიმში აწარმოებს.
როგორც სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებაშია აღნიშნული, საქმის გარემოების დასადგენად საჭირო ყველა საპროცესო და საგამოძიებო მოქმედება შემჭიდროებულ ვადებში ჩატარდება.
„საქმეზე დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, ამოღებულ იქნა მნიშვნელოვანი ნივთმტკიცებები, მათ შორის გარდაცვლილის ტანსაცმელი და კვლევისათვის საჭირო ნიმუშები, ასევე გამოიკითხა გარდაცვლილის ძმა. მოქალაქე რ.ბ-ს რაიონულ სასამართლოში ყოფნის ამსახველი ვიდეოკამერების ჩანაწერების თაობაზე მიემართა შინაგან საქმეთა სამინისტროს. დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო, ტრასოლოგიური და ბიოლოგიური ექსპერტიზები. სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმის გარემოების დასადგენად საჭირო ყველა საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებას შემჭიდროებულ ვადებში ჩაატარებს. ასევე, გამოიკითხებიან საქმესთან შემხებლობაში მყოფი შსს-ს მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლები.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური მიმდინარე გამოძიებაში რ.ბ.-ის ოჯახის წევრების ჩართულობას და მათთვის საქმის მასალების გაცნობას სრულად უზრუნველყოფს“, – აღნიშნულია განცხადებაში.