სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ტელეკომპანია „ფორმულას“ თანამშრომლებისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე ერთი პირი დააკავა.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის, კოკა კაციტაძის განცხადებით, საგამოძიებო სამსახური ასევე იძიებს ზუგდიდში ტელეკომპანია „მთავარი არხის“ მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტს.
როგორც კოკა კაციტაძე ამბობს, ჟურნალისტებისა და მათი საქმიანობის უფლების დაცვა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ერთ-ერთი პრიორიტეტია.
„ტელეკომპანია „ფორმულას“ თანამშრომლების მიმართ პროფესიულ საქმიანობაში უკანონო ხელის შეშლის ფაქტზე ერთი პირი დაკავებულია. 17 მარტს აბაშიძის ბარში ჟურნალისტი და ოპერატორები რესპონდენტთან ინტერვიუზე იყვნენ, რა დროსაც ბრალდებულმა უკმაყოფილება გამოთქვა ჟურნალისტის საქმიანობასთან დაკავშირებით, მიაყენა შეურაცხყოფა და ბარის დატოვება მოსთხოვა. ფაქტიდან მალევე ცხელ ხაზზე შემოსულ შეტყობინებაზე მოხდა რეაგირება. გამოიკითხნენ ჟურნალისტები, დათვალიერდა ადგილი. ჩვენ მიერ გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებულის სახით დაკავებულ იქნა მხილებული მოქალაქე. სპეციალური საგამოძიებო სამსახური ასევე იძიებს ზუგდიდში ტელეკომპანია „მთავარი არხის“ მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტს. ჟურნალისტების უფლებებისა და მათი საქმიანობის უფლების დაცვა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამ საქმეზე შესაძლებელია დამძიმდეს კვალიფიკაცია“, – განაცხადა კოკა კაციტაძემ.