სპეციალურმა პროკურორმა, რობერტ მიულერმა დონალდ ტრამპის წერილებისა და დოკუმენტების წარდგენა მოითხოვა
აშშ-ის არჩევნებში რუსეთის ჩარევის საქმეზე მომუშავე სპეციალურმა პროკურორმა, რობერტ მიულერმა დონალდ ტრამპის წერილებისა და დოკუმენტების წარდგენა მოითხოვა, რომლებიც 2015 წლითა და შემდგომი პერიოდით თარიღდება. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია NBC ავრცელებს.
დონალდ ტრამპს, რობერტ მიულერის აპარატმა მოსთხოვა მისი ცხრა უახლოესი მრჩევლის მიმოწერა, მათ შორის ტრამპის წინასაარჩევნო შტაბის ყოფილი ხელმძღვანელის პოლ მანაფორტისა და ყოფილ სტრატეგის სტივენ ბენონის.
გამოძიება აპირებს შეისწავლოს, ყველა ელექტრონული და ხელით ნაწერი წერილი, ასევე სატელეფონო ზარებთან დაკავშირებული დოკუმენტები და ჩანაწერები, რომლებიც 2015 წლის 1 ნოემბრის შემდგომი პერიოდით თარიღდება.
რობერტ მიულერი არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის საქმის გამოსაძიებლად სპეციალურ პროკურორად 2017 წლის მაისში დანიშნეს.
რობერტ მიულერი და კონგრესის რამდენიმე კომიტეტი იძიებს, ჰქონდა თუ არა დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის წევრებს კრემლის წარმომადგენლებთან კონტაქტები.