სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი კოკა კაციტაძე სტაჟიორ-გამომძიებლებს შეხვდა
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი კოკა კაციტაძე ღია კონკურსით შერჩეულ სტაჟიორ-გამომძიებლებს შეხვდა, კონკურსში გამარჯვება მიულოცა და შემდგომ პროფესიულ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. ინფორმაციას ამის შესახებ სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, სამსახური ყოველ წელს სტაჟირების კონკურს ატარებს, რომლის მიზანი ახალი, კვალიფიციური კადრების მოზიდვა და მათ პროფესიულ განვითარებაში ხელშეწყობაა.
„წელს სტაჟიორთა მისაღებ კონკურსში განაცხადი სულ 153-მა კანდიდატმა წარადგინა. ოთხეტაპიანი კონკურსის გავლის შედეგად, რომელიც სამართალსა და ზოგად უნარებში გამოცდებს, ასევე გასაუბრებას მოიცავდა, კომისიის მიერ ოთხი საუკეთესო კანდიდატი შეირჩა.
გამარჯვებული კანდიდატები სპეციალურ მოსამზადებელ კურსებს გაივლიან, ამის შემდეგ კი სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში, გამომძიებლის უფლებამოსილებით, ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამით ერთი წლის განმავლობაში იმუშავებენ. სტაჟირების წარმატებით დასრულების შემთხვევაში ისინი გამომძიებლებად დაინიშნებიან“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.