სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, უწყების საგამოძიებო პოლიტიკა ევროპული სასამართლოს სტანდარტებს დაეფუძნება
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, ევროპის საბჭოს, ევროკავშირისა და გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ექსპერტების მონაწილეობით, ევროპული სასამართლოს სტანდარტებით საგამოძიებო პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტები შეიმუშავა. ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, სამსახურმა ამოქმედებისთანავე სამ მთავარ პრიორიტეტად მაღალი სტანდარტი, გამჭვირვალე გამოძიება და მოქალაქეთა უფლებების დაცვაზე ზრუნვა აირჩია.
„დასახული მიზნების განხორციელებისთვის აუცილებელი გახდა ერთიანი საგამოძიებო პოლიტიკის შემუშავება, რომელიც, თავის მხრივ, გულისხმობს მოქალაქეებთან, დაზარალებულებთან ურთიერთობის, საგამოძიებო მოქმედებების წარმართვის და დაგეგმვის, ასევე გადაწყვეტილებების მიღების პროცესის ერთიან სტრატეგიასა და პოლიტიკაში მოქცევას.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 2024 წლის 31 მარტს საქართველოს პარლამენტს 2023 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა, სადაც საუბარია წლის განმავლობაში სამსახურის მიერ ევროპული სასამართლოს სტანდარტებით განხორციელებულ პროექტებზე.
სამსახურმა არასათანადო მოპყრობის ფაქტების კვალიფიკაციის დამდგენი სახელმძღვანელო დოკუმენტი შეიმუშავა, რომელიც ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებისა და რეკომენდაციების საფუძველზე შემუშავდა და, ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, სახალხო დამცველის აპარატის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და აკადემიური წრის წარმომადგენლებს წარედგინა.
კვალიფიკაციის დამდგენი დოკუმენტი, რომელიც ხელს უწყობს ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბებას და ამცირებს წამებისა და არაადამიანური მოპყრობის შემთხვევების სამოხელეო დანაშაულით გადაფარვის რისკებს, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ დადებითად იქნა შეფასებული, როგორც სახელმწიფოს მიერ არასათანადო მოპყრობის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში გადადგმული პოზიტიური ნაბიჯი.
სამსახურის მიერ ევროპული სასამართლოს სტანდარტებით შეიქმნა სამართალდამცავების მიერ ხელბორკილების გამოყენების წესებიც, რომლის შემუშავების პროცესში გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ექსპერტიც მონაწილეობდა. აღნიშნული ინიციატივა დაამკვიდრებს ხელბორკილის გამოყენების ერთიან სტანდარტს, შექმნის მოქალაქეთა უფლებების დაცვის დამატებით გარანტიებს და დაკავებული პირების მიმართ ხელბორკილის არამართლზომიერად გამოყენების რისკებს შეამცირებს.
ერთიანი საგამოძიებო პოლიტიკის ფარგლებში, ევროპის საბჭოს მხარდაჭერით და ევროპული სასამართლოს სტანდარტებით, ასევე, შემუშავდა გამოკითხვის სახელმძღვანელო, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დარღვევის ფაქტების, ასევე, სიძლვილით მოტივირებული და დისკრიმინაციული ტიპის დანაშაულის გამოძიების მეთოდოლოგია.
სამსახურმა ასევე შეიმუშავა სისხლის სამართლის საქმეთა მონიტორინგის ინსტრუქცია, რომლის მიზანია, განსაზღვროს გამოძიების ხარისხის შეფასების ერთიანი სტანდარტი და დეტალურად გაწეროს ყველა ის კრიტერიუმი, რომელთა ჯეროვნად შესრულება დააკმაყოფილებს ეფექტიანი გამოძიების პრინციპებს.
ევროპული სასამართლოს სტანდარტებით შექმნილი თითოეული ამ დოკუმენტის პრაქტიკულ საქმიანობაში გამოყენება კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ წარმოებული გამოძიების გამჭვირვალობას, მოქალაქეთა უფლებების დაცვასა და ეფექტიანობას.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის 2023 წლის ანგარიში ხელმისაწვდომია სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე“, – აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.