სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ანგარიში - პენიტენციურმა სამსახურმა სასამართლო-ფსიქიატრიულ ექსპერტიზაზე გადაყვანილი პატიმრების მონიტორინგი უნდა უზრუნველყოს
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენილი 2022 წლის საქმიანობის ანგარიში პენიტენციური სამსახურისთვის გაცემულ რეკომენდაციებსაც მოიცავს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ, როგორც ერთ-ერთი საქმის გამოძიებისას გამოვლინდა, პრაქტიკაში სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლები არ ახორციელებენ სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის განმახორციელებელ დაწესებულებაში მოთავსებული პატიმრების უშუალო მონიტორინგს. შესაბამისად, მათი მოვალეობა შემოიფარგლება მხოლოდ გარე დაცვით.
როგორც ანგარიშშია ნათქვამი, სამართლებრივი აქტებით ასევე არ არის დარეგულირებული პატიმართა ვიზუალური მონიტორინგის საკითხი. შესაბამისად, არ არის განსაზღვრული, ვინ უნდა განახორციელოს პალატებში მოთავსებული პატიმრების შემოწმება/მონიტორინგი, მათ შორის ისეთი პატიმრების, რომელთა მიმართაც ფსიქიატრიულ ექსპერტიზაზე გადაყვანამდე მიმდინარეობდა 24-საათიანი ვიზუალური მონიტორინგი შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებებში.
„მიზანშეწონილია სამართლებრივ აქტებში მკაფიოდ დარეგულირდეს საექსპერტო დაწესებულებაში მოთავსებულ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ქცევაზე ზედამხედველობის, მეთვალყურეობის წესები და დაევალოს პენიტენციურ სამსახურს ასეთი ტიპის პატიმრებზე ზედამხედველობის განხორციელება“, – აღნიშნულია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ანგარიშში.
სამსახურის საქმიანობის ანგარიშში დადებითად არის შეფასებული პენიტენციური დაწესებულებიდან უწყვეტ რეჟიმში, შეუფერხებლად სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში შეტყობინებების გადმოგზავნა.
„დადებითი ტენდენციების თვალსაზრისით, ასევე აღსანიშნავია იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებული ახალი პენიტენციური კოდექსის პროექტიც, სადაც განსაზღვრულია სამედიცინო პერსონალის ვალდებულება, პენიტენციურ დაწესებულებაში სამედიცინო მომსახურების გაწევისას ბრალდებულის/მსჯავრდებულის სხეულზე დაზიანების დაფიქსირების შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამის საგამოძიებო ორგანოს“, – აღნიშნულია ანგარიშში.