სპეციალური საგამოძიებო სამსახური, საქართველოს სახელით, ევროკავშირის ქვეყნებთან ერთად, „პოლიციის მიერ ძალის გამოყენების შესახებ“ დეკლარაციას შეუერთდა
სპეციალური საგამოძიებო სამსახური, საქართველოს სახელით, ევროკავშირის ქვეყნებთან ერთად, „პოლიციის მიერ ძალის გამოყენების შესახებ“ დეკლარაციას შეუერთდა

2023 წლის მაისში დამოუკიდებელ საზედამხედველო ორგანოთა საერთაშორისო ქსელმა (IPCAN) სტრასბურგში გამართული კონფერენციის შემდეგ ერთობლივი დეკლარაცია მიიღო, რომელსაც, ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, ერთად საქართველო, დიდი ბრიტანეთი, ნორვეგია და შვეიცარია შეუერთდნენ.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ერთობლივი დეკლარაცია, რომელსაც ქსელის (IPCAN) 16 წევრი ქვეყნის წარმომადგენელი აწერს ხელს, შეეხება სხვადასხვა ქვეყანაში საპოლიციო ღონისძიებების განხორციელების დროს მოქალაქეთა უფლებების დაცვის, ეფექტური ზედამხედველობის განხორციელებისა და დანაშაულის პრევენციის საკითხებს, ასევე დემონსტრაციების დროს დეესკალაციისა და მოლაპარაკების მნიშვნელობას.

მათივე ინფორმაციით, დეკლარაცია IPCAN-ის წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, სამართალდამცველმა უწყებებმა საპოლიციო მოქმედებების განხორციელებისას გამოიყენონ პროპორციული ძალა მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში. დეკლარაცია შეიცავს 20 რეკომენდაციას პოლიციის ძალების მიერ საჯარო დემონსტრაციების მართვასა და მთლიანად საპოლიციო მოქმედებებთან დაკავშირებით. რეკომენდაციები აწესრიგებს დემონსტრაციების დროს პირის იდენტიფიცირებას ინდივიდუალური თავისუფლებების პატივისცემითა და ეთიკური წესების დაცვით, საპოლიციო ოპერაციების ჩატარების დროს ჩხრეკისა და შემოწმების კანონმდებლობით დადგენილი წესების განუხრელად დაცვას, დემონსტრანტთა შორის არასრულწლოვანთა იდენტიფიცირებისას ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებას, დემონსტრაციების მართვაში ჩართული სამართალდამცავი პირების იდენტიფიცირების მეთოდების დახვეწას და სხვა.

„საზოგადოებას შევახსენებთ, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახური ამოქმედებიდან ერთ წელიწადში, წევრობის ყველა კრიტერიუმის დაკმაყოფილების შემდეგ, 2023 წლის მაისიდან პოლიციის მიმართ საჩივრების განმხილველ დამოუკიდებელ ორგანოთა საერთაშორისო ქსელის ოფიციალური წევრი გახდა“, – აღნიშნავენ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში.