სპეციალური საგამოძიებო სამსახური პენიტენციურ სამსახურს რეკომენდაციებს აძლევს
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენილი 2022 წლის საქმიანობის ანგარიში პენიტენციური სამსახურისთვის გაცემულ რეკომენდაციებსაც მოიცავს. ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ანგარიშში ნათქვამია, რომ, როგორც ერთ-ერთი საქმის გამოძიებისას გამოვლინდა, პრაქტიკაში, სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლები არ ახორციელებენ სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის განმახორციელებელ დაწესებულებაში მოთავსებული პატიმრების უშუალო მონიტორინგს.
„მიზანშეწონილია სამართლებრივ აქტებში მკაფიოდ დარეგულირდეს საექსპერტო დაწესებულებაში მოთავსებულ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ქცევაზე ზედამხედველობის, მეთვალყურეობის წესები და დაევალოს პენიტენციურ სამსახურს ასეთი ტიპის პატიმრებზე ზედამხედველობის განხორციელება“, – აღნიშნულია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ანგარიშში.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ანგარიშში საუბარია კიდევ ერთ მნიშვნელოვან გამოწვევაზე, კერძოდ, სუიციდის პრევენციის პროგრამის ეფექტიანობის ხარისხზე. პროგრამის მიზანს წარმოადგენს სუიციდისკენ მიდრეკილ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გამოვლენა და სუიციდით გამოწვეული სიკვდილიანობის შემცირება.
„მიზანშეწონილია, პროგრამით განსაზღვრული მიზნის შესასრულებლად სუიციდის რისკის მქონე ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა იდენტიფიცირება და სუიციდით გამოწვეული სიკვდილიანობის შემცირება, დაიხვეწოს სუიციდის რისკის მიმოხილვითი შეფასებისას ქულების მინიჭების სქემა, რათა არ მოხდეს ისეთი პატიმრებისთვის დაბალი რისკის განსაზღვრა (რაც ნიშნავს პატიმრის დარჩენას სუიციდის პრევენციის პროგრამის მიღმა), რომლებიც ობიექტურად არიან საშუალო ან/და მაღალი რისკის მატარებელნი“, – ვკითხულობთ ანგარიშში.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ანგარიშის მიხედვით, მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს პენიტენციურ დაწესებულებებში სახანძრო უსაფრთხოების სისტემებთან დაკავშირებული ხარვეზები.
„მიზანშეწონილია, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა და საქართველოს შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ერთობლივად შეიმუშაონ და გააუმჯობესონ მათი კომპეტენციის ფარგლებში პენიტენციურ დაწესებულებებში სახანძრო-უსაფრთხოების წესები. სასურველია, ინსპექტორის თანამდებობაზე მყოფ პირს გააჩნდეს შესაბამისი კვალიფიკაცია და გამოცდილება და სამართლებრივი აქტით მკაფიოდ გაიწეროს მისი ფუნქცია-მოვალეობები. მიზანშეწონილია, პენიტენციურ დაწესებულებებში მოეწყოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული შესაბამისი ხანძარსაწინააღმდეგო ინფრასტრუქტურა. რეკომენდებულია, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ეკონომიკური დეპარტამენტის დებულებაში განხორციელდეს ცვლილებები ან დეპარტამენტის უფროსის მიერ გამოიცეს სამართლებრივი აქტი და მკაფიოდ განისაზღვროს ამავე დეპარტამენტში შემავალი ინფრასტრუქტურული განვითარების სამმართველოს უფროსის მოვალეობები და პასუხისმგებლობა პენიტენციურ დაწესებულებებში სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დაცვის გაკონტროლებასთან დაკავშირებით. ასევე, სასურველია, სამმართველოში გამოიყოს კონკრეტული პირი, რომელსაც დაევალება აღნიშნული ფუნქციის შესრულება, რასაც იგი განახორციელებს გარკვეული პერიოდულობით“, – ვკითხულობთ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის 2022 წლის საქმიანობის ანგარიშში.