სპეციალური საგამოძიებო სამსახური - გავრცელებული ცრუ ინფორმაციის შემდეგ, გენინსპექციის თანამშრომელი დაუკავშირდა მოქალაქე ლიზი თირქიას, რომელმაც უარყო მანამდე მის მიერ გაცხადებული ტექსტი
მედიაში გავრცელებული ცრუ ინფორმაციის შემდეგ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გენერალური ინსპექციის თანამშრომელი დაუკავშირდა მოქალაქე ლიზი თირქიას, რომელმაც სატელეფონო საუბრისას უარყო მანამდე მის მიერ გაცხადებული ტექსტი და განმარტა, რომ პოსტი სოციალურ ქსელში თავის დაზღვევის მიზნით განათავსა, – ამის შესახებ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი.
„საზოგადოების ინფორმირების მიზნით, გვსურს, გამოვეხმაუროთ მოქალაქე ლიზი თირქიას მიერ სოციალურ ქსელში და შემდეგ მედიაში გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას, რომ თითქოს მას სპეციალური საგამოძიებო სამსახურიდან დაუკავშირდნენ და ხუთი პოლიციელის თავდასხმაში და შემდგომ მიმალვაში დაადანაშაულეს.
ხაზგასმით, გვინდა, აღვნიშნოთ, რომ მსგავსი შინაარსის კომუნიკაცია გამომძიებელსა და ლიზი თირქიას შორის არ შემდგარა და აღნიშნული ინფორმაციის გავრცელება ემსახურება სამსახურის დისკრედიტაციას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.
განვმარტავთ, რომ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში 18-19 ნოემბერს ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის გამზირზე აქციის მიმდინარეობის დროს სამართალდამცავების მიერ აქციის მონაწილეების მიმართ ძალის შესაძლო გადამეტების ფაქტებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამომძიებლის მხრიდან ნამდვილად შედგა კომუნიკაცია მოქალაქე ლიზი თირქიასთან და, შემოსული შეტყობინების საფუძველზე, დაკავების გარემოებებსა და მიღებულ დაზიანებებთან დაკავშირებით გამოკითხვაზე მოსვლა შეეთავაზა.
მედიაში გავრცელებული ცრუ ინფორმაციის შემდეგ ლიზი თირქიასთან კომუნიკაციის დეტალების დაზუსტებისა და გამომძიებლის შესაძლო არაეთიკური ქცევის შესწავლის მიზნით სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გენერალური ინსპექციის თანამშრომელი დაუკავშირდა ლიზი თირქიას, რომელმაც სატელეფონო საუბრისას უარყო მანამდე მის მიერ გაცხადებული ტექსტი და განმარტა, რომ პოსტი სოციალურ ქსელში თავის დაზღვევის მიზნით განათავსა და საგამოძიებო ორგანოში გამოცხადების შემდეგ შეიტყო მისი დაბარების რეალური მიზეზი.
ლიზი თირქია გამოიკითხა, განემარტა მისი უფლებები და შეეთავაზა სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარება. სამსახური საქმეზე ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც საქმეში ჩართულ ყველა პირს საქმის მასალებთან წვდომის და გაცნობის შესაძლებლობას აძლევს.
მედიასაშუალებას მოვუწოდებთ, გადაუმოწმებელი და ცრუ ინფორმაციის გავრცელებამდე შესაბამისი კითხვებით მიმართონ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს“, – ნათქვამია განცხადებაში.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური მოქალაქე ლიზი თირქიასთან სატელეფონო საუბრის აუდიოჩანაწერსაც აქვეყნებს.