სპეციალური საგამოძიებო სამსახური დამოუკიდებელ საზედამხედველო ორგანოთა საერთაშორისო ქსელის წევრი გახდა
სპეციალური საგამოძიებო სამსახური პოლიციის მიმართ საჩივრების განმხილველ დამოუკიდებელ ორგანოთა ქსელის (Independent Police Complaints Authorities’ Network) ოფიციალური წევრი გახდა.
საერთაშორისო ორგანიზაცია, რომლის სათავო ოფისიც საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში მდებარეობს, 2012 წელს საფრანგეთის ადამიანის უფლებათა დამცველის (Défenseur des Droits) ინიციატივით შეიქმნა, რათა მსგავსი ან მონათესავე ფუნქციების მქონე ორგანოებს საერთო ინტერესის საკითხების ერთობლივად განხილვის, საუკეთესო საგამოძიებო პრაქტიკის გაზიარებისა და ერთიანი სტანდარტების მიღების საშუალება ჰქონოდათ.
ორგანიზაციის საქმიანობის მთავარ მიზანს, წევრი ინსტიტუტების კოორდინირებული მოქმედებების გზით, მათი გაძლიერება, მოქალაქეთა ფუნდამენტური უფლებების დაცვა და კანონის უზენაესობის უზრუნველყოფა წარმოადგენს. საერთაშორისო ორგანიზაციას, შემუშავებული დეკლარაციების ფარგლებში, წევრი ინსტიტუტებისთვის გაცემული აქვს რეკომენდაციები სამართალდამცავი ორგანოების მიერ საპოლიციო მოქმედებების განხორციელების წესებზე და მსხვერპლთა დაცვის გარანტიების თაობაზე.
საერთაშორისო ორგანიზაციაში 22 ქვეყნის, მათ შორის საფრანგეთის, ნორვეგიის, ბელგიის, კანადის, დიდი ბრიტანეთის, ჩრდილოეთ ირლანდიის, შვედეთის, ესპანეთის დამოუკიდებელი სამსახურებია გაწევრიანებული.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ამოქმედებიდან ერთ წელიწადში წევრობის ყველა კრიტერიუმი დააკმაყოფილა და პოლიციის მიმართ საჩივრების განმხილველ დამოუკიდებელ ორგანოთა ქსელის ოფიციალური წევრი გახდა.
საერთაშორისო ორგანიზაციაში გაწევრიანება სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მნიშვნელოვან შესაძლებლობას აძლევს, პირდაპირი კომუნიკაცია დაამყაროს მსგავსი კომპეტენციის მქონე ორგანოებთან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, გაეცნოს სამართალდამცავი ორგანოების წინაშე მდგარ კონკრეტულ გამოწვევებს და გადაჭრის გზებს. ასევე, ქვეყნებს შორის თანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარების გზით დანერგოს საერთაშორისო სტანდარტებთან თავსებადი საუკეთესო პრაქტიკა.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ერთ-ერთ პრიორიტეტს საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერება წარმოადგენს. საერთაშორისო ქსელის წევრობასთან ერთად, სამომავლო მჭიდრო საერთაშორისო თანამშრომლობის დამყარების მიზნით, სამსახური აქტიურად ახორციელებს შეხვედრებს მსგავსი დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმების მქონე ქვეყნების დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან.
ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.